საქართველოში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც ვენერა ობოლაშვილის შესახებ არაფერი იცის. ის 2009 წელს, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მან სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა, ორი მკვლელობის შესახებ მისი ნაამბობის გარდა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, ამიტომ ბრალად მხოლოდ მარტოხელა ქალის მკვლელობა წაუყენეს, რომლის ბინაც 20 000$-ად გაყიდა. ობოლაშვილმა მკვლელობა აღიარა და ჩვენებაში პროცესი დეტალურად აღწერა.
დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ობოლაშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას, რის შემდეგაც თაღლითური გზით იფორმებდა მათ კუთვნილ უძრავ ქონებას, ხოლო მიზნის მიღწევისას მათ კლავდა.
დაკავების დროს ვენერა ობოლაშვილმა 3 ადამიანის მკვლელობა აღიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს გავრცელებული განცხადების თანახმად, ობოლაშვილის პირველი მსხვერპლი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი იყო, რომელიც მატარებლიდან გადააგდო. შსს-ს ცნობით, ობოლაშვილმა მისი ბინა 4 000$-ად გაყიდა. 2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან ურთიერთობაში მყოფი ანატოლი კალინკა, რომლის ბინაც 50 000$-ად გაყიდა.
ვენერა ობოლაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ის 2010 წელს გაასამართლეს, თუმცა, სასჯელის ვადის ათვლა 2009 წლის ბოლოდან დაიწყო, როცა დააკავეს. ვენერა ობოლაშვილი არც პრეზიდენტს შეუწყალებია და არც ამნისტია შეხებია (მკვლელობის მუხლს ამნისტია არ ეხება).