fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ყოფილმა სამხედრომ ხუთი ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა – რა მოხდა საგარეჯოში

ტრაგედია საგარეჯოში: შეიარაღებულმა პირმა, ყოფილმა სამხედრომ, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან, დაუდგენელი მიზეზით, ჯერ ეზოში მყოფ მეზობლებს, შემდეგ კი გამოძახებაზე მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი დაიღუპა. 

ოთხივე მოკლული იმ პირის მეზობელია, ვინც გასროლა განახორციელა. ამ დროისთვის არა არის ცნობილი, რა მოტივი ჰქონდა შეიარაღებულ თავდამსხმელს. ცნობილია, რომ მასთან ერთად მისი შვილიც იმყოფებოდა, ხოლო ის მეზობლები, რომლებსაც თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა, ეზოში იყვნენ და თავდამსხმელთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. თავდამსხმელი მესამე სართულის აივნიდან ისროდა, სადაც თავად ცხოვრობდა.

მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმი მივიდა, ხოლო სამართალდამცველებმა შენობა ალყაში მოაქციეს და თავდამსხმელის ბინაში შევიდნენ, შეიარაღებულმა პირმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა – ის ადგილზე დაიღუპა.

„სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყეს ღონისძიება. ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მან დამატებით რამდენიმე გასროლა მოახდინა.

როცა სპეცდანიშნულების რაზმმა კარები შეაღო, გასროლის ხმა იყო. საწოლზე იყო გადაწოლილი და ცეცხლსასროლი იარაღი გვერდზე ედო, რაც დააფიქსირეს ჩვენმა თანამშრომლებმა. თავიდან სისხლი მოსდიოდა. იქვე ნახეს ხელყუმბარის რგოლები – რამდენიმე რგოლი. შეიძლება ეს ყოფილიყო დანაღმული. შემდეგ მოვიდნენ გამნაღმველები”, – აცხადებს შს მინისტრი. 

ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, ხოლო მისი ფოტო “სინიუსმა” გაავრცელა. ის ნოდარ ათუაშვილია, ყოფილი სამხედრო, რომელიც 2016 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, ავღანეთში. რატომ დატოვა მან შეიარაღებული ძალები, ამ დრომდე არ არის ცნობილი. როგორც თვითმხილველები და მეზობლები ამბობენ, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. 

შს მინისტრი აცხადებს, ჯერჯერობით ვერავინ ხსნის, რა მოხდა:

„ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული