საგარეჯოში მომხდარ ტერაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, საგარეჯოში თავდამსხმელს ნაქირავები ჰქონდა ავტოფარეხი, სადაც სავარაუდოდ, იმ ცეცხლსასროლ იარაღს იანახავდა, რომელიც გუშინ გამოიყენა.
კორპუსის აივნიდან ნასროლი ტყვიები მოხვდა კორპუსთან მდგარ 10-მდე ავტომანქანას, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ბინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეჯოში მომხდარი ტერაქტის დროს მოკლული პოლიციელი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
“დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომლები. ბიჭს მუცელი აქვს გამოფატრული, გოგოს თვალში აქვს მოხვედრილი ტყვია, დამლაგებელი ფეხშია დაჭრილი, გადაეფარა პოლიციელი და ის კიდე მოკლეს, ამ დროს დაიღუპა, რომ გადაეფარა იმ დამლაგებელს. სასწრაფო შემოსულა და სასწრაფოც არ შეუშვიათ. სასწრაფოსაც ესროლა”,- ამბობს იმ მაღაზიის თანამშრომელი, რომელიც ტერაქტის ადგილის მოპირდაპირედ მდებარეობს.
მოკლულთა შორის “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების” მოხალისე ზაქრო მათიაშვილიცაა.
“გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, გამორჩეულად ლაღი, ღიმილიანი, სითბოთი და სიკეთით სავსე, იმედიანი, ერთგული, მებრძოლი და სიცოცხლისმოყვარული, ჩვენი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან. მადლობა რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მაშინ, როცა სპეცრაზმი მის ბინაში შევიდა.
პირი, ვინც ცეცხლი გახსნა, ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. ის საერთაშორისო მისიებშიცაა ნამყოფი. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელმაც მოგვიანებით, გამოქცევა მოახერხა და ადგილობრივები გააფრთხილა.