საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და მის მშენებლობაზე, განაცხადა რა, რომ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს მნიშვნელოვან პარტნიორებთან, რათა მშენებლობა დასრულდეს.
„პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 200 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი. მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, უკრაინაში მიმდინარე ომი კატასტროფულია მთელი რეგიონისთვის.
„ჩვენც გვეხება და, მე მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გააქტიურდა და გაიზარდა. ამიტომ, როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი შერწყმა ძალიან კარგია.
ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალდაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში, მინდა აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2,3 მილიარდი დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას. აქვე მინდა ვახსენო საპორტო ინფრასტრუქტურა. შავ ზღვაზე საქართველოს პორტები საკმაოდ დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი და კომპანია „Limak Holding“ -ის თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. პანელის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მირეკ დუშეკი.