fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ უკრაინა მზადაა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა:

“შეუძლებელია, უყურო, როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია, უყურო, როგორ კლავენ საქართველოს ისტორიასა და მის პრეზიდენტს ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ.

უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი”, – წერს ის.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა და მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გააგზავნონ ან უკრაინაში, ან აშშ-ში.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის მაისში “ვივამედში” გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მეოთხე დღეა, ენმ-ის წარმომადგენელ დეპუტატთა ნაწილი პარლამენტში შიმშილობს.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აღშფოთება 14 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის “ვივამედის” პალატაში ყოფნისას, მისი პერსონალური კადრების გამოქვეყნებამ აღაშფოთა. კადრები პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა და ხელისუფლების სახეებმა მის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობასა და მედოპერსონალის ტერორში დაადანაშაულეს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატი და მესამე პრეზიდენტის მომხრეები კი აცხადებენ, რომ კადრების გამოქვეყნებით დაირღვა მიხეილ სააკაშვილის უფლებები – ადვოკატმა სარჩელიც შეიტანა.

ვიდეო, რომელსაც არ ახლავს ხმა, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.

რატი ბრეგაძემ კადრების გამოქვეყნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა, მოგვიანებით კი “მთავარმა არხმა” მოამზადა სიუჟეტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ კადრები სათვალთვალო კამერიდან ამოკრტებულია მხოლოდ ერთ დღეს, 4 ოქტომბერს, როცა მესამე პრეზიდენტი განსაკუთრებით ცუდად გრძნობდა თავს, ხოლო მისი გამოქეყნებით, ხელისუფლებამ შექმნა სურათი, თითქოს მიხეილ სააკაშვილის კადრები სხვადასხვა დღეებშია გადაღებული და რომ თითქოს საქართველოს მესამე პრეზხიდენტი მუდმივად ასეთი აგრესიული და არაადფეკვატურია, როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე. არსებობს ვერსია, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

“სასამართლოს მეგობრის” სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც, რომლის კონსილიუმის აზრით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიას ეკუთვნის და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ამას კი ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილის საკითხის ღიად დატოვება, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი ორივე მხარეს მოუწოდებს, დაელოდოს 22 დეკემბერს, როცა სასამართლო საბოლოოდ გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხს და იმოქმედონ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული