fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ყველაფერი რუსეთისგან ბირთვული საფრთხის შესახებ – „ალფა სიხშირის“ მკითხველის დაკვეთით

რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ისმის არაერთგვაროვანი შეფასებებიც. დღევანდელ სტატიაში თავმოყრილია ამ დროისთვის ამ საკითხზე არსებული ინფორმაცია და კომპტეტენტურ პირთა თუ ორგანიზაციათა მოსაზრებები.

სტატია მომზადებულია „ალფა სიხშირის“ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული გამოკითხვის, „რა სტატიას დაუკვეთავდით „ალფა სიხშირეს?“ შედეგების მიხედვით.

აღქმის გასაადვილებლად, სტატიაში თემებს კითხვა-პასუხის ფორმატში დავალაგებთ:

რამდენად მაღალია რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე?

დაახლოებით თვენახევრის წინ არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი სერიოზულად არ აღიქვამდნენ და გულისყურით არ ეკიდებოდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებდა, მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინაში „ბირთვული დარტყმის“  ალბათობა ყველაზე მაღალია 24 თებერვლის შემდეგ“.

სწორედ ზემოაღნიშნული საფრთხის გამო კიევს ოქტომბერში საიდუმლოდ  ესტუმრა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ( CIA) დირექტორი, ულიამ ბარნსი, რომელიც ზელენსკის სადაზვერვო ინფორმაციის მუდმივ მიწოდებას დაპირდა. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა,  დააჩქაროს მოდერნიზებული  ტაქტიკური საავიაციო ბირთვული  ბომბების, B-61-ების განთავსება ევროპის კონტინენტზე. გავლენიანი გამოცემა POLITICO ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზემოხსენებული ტაქტიკური ბირთვული ბომბები ევროპაში ნატოს სამხედრო ბაზებზე 2023 წლის ზაფხულის ნაცვლად  2022 წლის დეკემბერში განთავსდება.

რაც შეეხება რუსეთის რიტორიკას, მასში ახალი არაფერია: „ყველა რუსული კანონი და დოქტრინა, მათ შორის ბირთვულიც , გავრცელდება უკრაინის იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რეფერენდუმის თანახმად შეუერთდებიან რუსეთის ფედერაციას” – ეს სიტყვები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წარმოთქვა.

რა საფრთხეზეა ლაპარაკი: რაოდენობა და სიმძლავრე

ეს თემაც არანაკლები ინტერესით განიხილება. პენტაგონის შეფასებით, რუსეთს არსენალში 2000-მდე ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს.

„რუსეთს შეუძლია, უკრაინაში გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე ტაქტიკური ბირთვული ბომბი/რაკეტა, რომელთა სიმძლავრე  0.3-იდან 100 კილოტონამდეა” – ნათქვამია გავლენიანი ფრანგული გამოცემა Agence France-Presse-ს სტატიაში.

„რუსეთმა ბირთვული აფეთქებები  შესაძლოა, განახორციელოს წყლის ზემოთ, ან ატმოსფეროში, რაც წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ იმპულსს, რომელიც მწყობრიდან გაამოიყვანს ყველა ელექტრონულ აღჭურვილობას/მოწყობილობას” .  “ დასავლეთს სხვა გზა არ დარჩება, გარდა პასუხის გაცემისა და ეს პასუხი კი ნატოდან უნდა მომდინარეობდეს და არა მხოლოდ აშშ-დან” – ნათქვამია სტატიაში.

ინფოგრაფიკულ ფოტოზე კი მოცემულია 100 კილოტონიანი ბირთვული მუხტის მქონე ბომბისა თუ რაკეტის აფეთქების  შემთხვევაში  განადგურების ზონები –  სრული, ტოტალური განადგურების ზონაში ყვება აფეთქების გარშემო არსებული  1.8 კმ-იანი ტერიტორია.  

რამდენად შესაძლებელია, რუსეთმა ბირთვული იარაღი მოულოდნელად გამოიყენოს და მსოფლიო, უბრალოდ, ფაქტის წინაშე დადგეს მას შემდეგ, რაც დარტყმა უკვე განხორციელდება?  

ვერა, ეს ასე ვერ მოხდება: რუსეთი ბირთვულ იარაღს მოულოდნელად ვერ გამოიყენებს იმის გამო, რომ აშშ-მა გააძლიერა ბირთვულ იარაღზე სადაზვერვო თვალთვალი, ხოლო NATO-ს წევრმა ქვეყნებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ ბირთვული იარაღის გადაადგილების შემჩნევისთანავე, სასტარტო პოზიციამდე, ბირთვული ბადრაგის კოლონა განადგურდება.

„შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი მყისიერად მიიღებენ ინფორმაციას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, რადგან კონტროლის ტექნიკური საშუალებები და სადაზვერვო ქსელი შესაძლებელს ხდის ზუსტი მონაცემების გარკვევას, რის ფონზეც   შეუძლებელი  იქნება   ბირთვული იარაღის ტრანსპორტირება შეინიღბოს.   ამის შესახებ The Insider-თან საუბარში ბირთვული სარაკეტო შეიარაღების ექსპერტმა, სამხრეთის მანქანათმშენებლობის ქარხნის რაკეტების დიზაინის ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე კოჩეტკოვმა განაცხადა.

რა სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ ბირთვული საფრთხე თავიდან აიცილოს და აქვს თუ არა ამისთვის საჭირო აღჭურვილობა?

ამ საფრთხის აღსაკვეთად საჭიროა არა საზენიტო, არამედ ანტისარაკეტო  სისტემები, მაგალითად, როგორებიცაა PATRIOT PAC; Thaad-ებსა და Aster 30- Samp/T-ზე. რასაკვირველია, უკრაინას ეს სისტემები არა აქვს.

როგორი იქნება ნატოს/ევროპის/აშშ-ის პასუხი რუსეთისადმი, მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში?

ამის გასარკვევად, მოდით, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ციტატები გავიხსენოთ და დავიწყოთ დაუვიწყარი ციტატით:

“პირდაპირ, პირად ურთიერთობებში და კრემლში ძალიან მაღალ დონეზე, შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს აუხსნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგი ექნება,”  – ჯეიკ სალივანი, პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

„აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში“ – CIA-ს ყოფილი დირექტორი და აშშ-ს არმიის თადარიგის ოთხვარსკვლავიანი  გენერალი, დევიდ  პეტრეუსი.  

ამერიკელი გენერლის თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში- ასევე ჩაძირავენ შავი ზღვის ფლოტს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.   

„უკრაინაში, ბრძოლის ველზე არსებული რეალობა, რომელსაც პუტინი აწყდება, არის შეუქცევადი. არანაირი შაბლონური მობილიზაცია და ვერანაირი ბირთვული საფრთხე თუ მუქარა მას ვერ გამოიყვანს დღეს არსებული მძიმე სიტუაციიდან“ – აღნიშნა პეტრეუსმა.

კიდევ ერთი საინტერესო ციტატა:

„პუტინი ამბობს, რომ ის არ ბლეფობს… ასევე ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი, სახელმწიფო მეთაურები, აშშ და ნატოც არ ბლეფობენ. ნებისმიერ ბირთვულ დარტყმას უკრაინაზე ექნება პასუხი, თუმცა არა ბირთვული, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით იმდენად ძლიერი, რომ რუსეთის არმია განადგურდება“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა  ბრიუსელში, დიპლომატიური აკადემიის გახსნაზე განაცხადა.

ნატოს პოზიცია: – „ნატო მზადაა რუსული ბირთვული საფრთხისთვის. შედეგები იქნება ყველაზე სერიოზული რუსეთის ფედერაციის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენებისას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე“ –  ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

რას წერენ გავლენიანი გამოცემები – როგორი იქნება პასუხი აშშ-ის მხრიდან, რას მოიცავს და რამდენად მასშტაბური იქნება ის?

„აშშ-მა, შესაძლოა, ბირთვული დარტყმა მიაყენოს რუსეთს, მათ შორის, მოსკოვს, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს“ – The Sun .

გამოცემის აზრით, არსებობს ოთხი სცენარი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ნატოსა და აშშ-ის რეაქცია მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: 

▪️საპასუხო დარტყმა რუსეთზე, მათ შორის, მოსკოვზე;

▪️დარტყმა რუსეთის ჯარების ბაზებზე, უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ;

▪️შემოსაზღვრული ბირთვული დარტყმა – მხოლოდ ყირიმზე.

▪️დარტყმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე.  

და ბოლოს, ძალიან საინტერესო მოსაზრება სამხედრო საკითხების სპეციალისტ კახა ესებუასგან იმის თაობაზე, თუ

რას მოუტანს ბირთვული იარაღის გამოყენება პუტინს?

„აქ ძალიან ბევრი განსხვავებული ალგორითმი არსებობს: რა ტიპის იარაღს გაისვრის, რას ესვრის, როგორ რეაგირებას მოახდენს უკრაინა, მისი მოსახლეობა, დასავლეთი, ნატო, ჩინეთი… წინასწარ არავინ იცის.  თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამან რუსეთს რაიმე სახეირო მოუტანოს. სულ რომ უკრაინის კაპიტულაციას მიაღწიოს, პოლიტიკურად რუსეთი მოგებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება. მოსკოვს შეიძლება შერჩეს რაღაც ტერიტორიები, თუმცა იქნება სრულად იზოლირებული სამყაროსგან, სანქციებით, ტექნოლოგიების გარეშე და ტვინისგან დაცლილი. არ ვიცი თუ ვინმეს ეს გამარჯვებად მიაჩნია, მე არა. 

ცალკე საკითხია, რამდენად შეძლებს პუტინი აღასრულოს თავისი ჩანაფიქრი. მისი გადაწყვეტილების განხორციელებას კიდევ ბევრი ადამიანის თანხმობა სჭირდება იმისთვის, რომ ჭურვი თუ რაკეტა გაფრინდეს ამა თუ იმ მიმართულებით. პირადად მე მაინც ადამიანების კეთილგონიერების იმედი მაქვს. 

მოკლედ, ფრონტის ხაზზე წარუმატებლობების პარალელურად, გაიზრდება ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა. ნატომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ბირთვული შეკავებისთვის.  დასრულების კიდევ ერთი ვერსიაა, რომ  რუსეთი ისე დასუსტდეს, რომ ფართომასშტაბიანი ომის წარმოების უნარი აღარ ჰქონდეს. ეს შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკურმა პრობლემებმა, ტექნოლოგიურმა და საწარმოო შეზღუდვებმა, მოსახლეობის წინააღმდეგობამ, მარაგების ამოწურვამ და ა.შ. თუმცა რუსეთი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ეს მომენტი მალე დადგეს.

პირადად მე, პუტინთან ერთად მე ამ ომის დასრულების სცენარს ვერ ვხედავ. ის უნდა დამთავრდეს მის გარეშე. მის ნებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ვეღარაფერი შეცვლის, გარდა მისი სიკვდილის ან ხელისუფლებიდან ჩამოცილებისა.  

კიდევ ერთი ვერსიაა რუსეთის დეზინტეგრაცია და სამოქალაქო ომი, თუმცა ამის გაზომვადი ინდიკატრები ჯერ არ ჩანს. მოკლედ, ამ ომის ბოლო ძალიან ბუნდოვანია ამ ეტაპზე და მსოფლიოს დაიდი გამძლეობა და სიძლიერე დასჭირდება მის უკრაინის სასარგებლოდ დასასრულებლად”, – აცხადებს კახა ესებუა.   

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული