უკრაინამ აშშ-სგან გამოგზავნილი დამატებით 4 ერთეული M142 Himars-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მიიღო- ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ადასტურებს.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ეტაპზე Gmlrs-ის 84 კმ-ზე მფრენი Gps-ით მართვადი რაკეტების გამშვები 31 დანადგარი გააჩნია: 20 ერთეული M142 Himars და 11 ერთეული M270 (Mlrs).
ამას გარდა, ჯონ კირბიმ სამშაბათს განაცხადა, რომ “უკრაინა პირველ ორ NASAMS-ს უახლოეს მომავალში მიიღებს”. სულ აშშ უკრაინას რვა ერთეულ NASAMS გადასცემს.
რუსეთის მხრიდან უკრაინის ქალაქების მასირებული სარაკეტო დაბომბვების შემდეგ აშშ-მა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის შორსმოქმედი შეიარაღების, მათ შორის, ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გადაცემას. თუმცა ამ მიმართულებით დამატებითი დეტალები ჯერაც არ არის ცნობილი.
11 ოქტომბერს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ, პასუხად შეკითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ უკრაინისთვის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას, განაცხადა:
“ჩვენ არანაირ შესაძლებლობებს არ გამოვრიცხავთ. უკრაინასთან ყოველდღიურად ვსაუბრობთ. ამ კვირას ბრიუსელში ტარდება შეხვედრა. აშშ თავდაცვის მინისტრი ისევ შეკრებს უკრაინის ჯგუფის წევრებს, 50 ქვეყნის მონაწილეობით, რათა უკრაინის საჭიროებები განიხილოს. ამის შემდეგ დავინახავთ სრულ სპექტრს, სხვა განცხადებას დღეს ვერ გავაკეთებ”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლება შეგნებულად მიდის უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაზე, აქედან გამომდინარე კი აშშ გეგმავს გააგრძელოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და დახმარება. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ კრემლმა გააჩაღა ომი უკრაინაში და მხოლოდ მას შეუძლია ჯარების გაყვანა უკრაინიდან.