ლიპეცკის მკვიდრი, 28 წლის იგორ ჩებოტარევი ჰყვება, როგორ აღმოჩნდა უკრაინელთა ტყვეობაში “ნაწილობრივი მობილიზაციის” სამხედრო უწყების გადაცემიდან ერთ კვირაში. ის საომრად ისე გაუშვეს, რომ სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. ასევე, არ მიუღია მონაწილეობა სამხედრო მომზადებაში, სანამ ფრონტზე გაგზავნიდნენ.
მასთან ინტერვიუ უკრაინელმა ბლოგერმა ვლადიმირ ზოლკინმა გამოაქვეყნა. ტყვის ნაამბობის მიხედვით, მან სამხედრო სამსახური 9 წლის წინ გაიარა, სადაც ბმპ-ს მეთაურად ამზადებდნენ, შემდეგ კი უბრალოდ, დამმიზნებელი-ოპერატორის პროფესია ჩაუწერეს. სამხედრო ნაწილში ჩებოტარევმა ბმპ სულ ორჯერ თუ ნახა.
როცა მობილიზაცია დაიწყო, მას უწყება პირდაპირ სამუშაო ადგილას, კომპანია “პროგრესში” ჩააბარეს. ეს კომპანია ბავშვთა კვების მწარმოებელია. ეს 22 სექტემბერს მოხდა: “მივედი სამსახურში და, მხვდება ქალი კადრების განყოფილებიდან, მასთან ერთად ორი კაცი, რომლებიც პირველად ვნახე. ქალი მაძლევს ამ უწყებას და მეუბნება: “დღესვე უნდა გამოცხადდე კომისარიატში, ბარგით. ხომ იცი, არგამოცხადებაზე 3-დან 5 წლამდეა…”
ჩებოტარევს იმედი ჰქონდა, რომ ფრონტზე არ წაიყვანდნენ, რადგან თავში კისტა ჰქონდა, მაგრამ სამხედრო კომისარიატში მედპუნქტი არ იყო: მობილიზებულები ავტობუსებში ჩასვეს და შეკრების პუნქტში წაიყვანეს. იქ აღჭურვილობა მისცეს და ვორონეჟის ოლქში, იქიდან კი ბელგოროდში გადაიყვანეს.
იქ 30 მობილიზებული შეარჩიეს და ბმპ-ს 10 ეკიპაჟი დააკომპლექტეს, დაავალეს, ღამით მოემზადებინათ მანქანები, მომდევნო დღეს კი პირდაპირ ლუგანსკის ოლქის სოფელ სვატოვოში წაიყვანეს. სვატოვოდან მობილიზებულებით დაკომპლექტებული ბმპ სოფელ ნევსკოეში გაგზავნეს, იქიდან კი პოზიციებზე, სოფელ ზერეჩნოეში. იქ უთხრეს, რომ დილით მოვიდოდა მეთაური და ყველაფერს აუხსნიდა, მანამდე კი ბმპ-ში უნდა მჯდარიყვნენ. ეს 29 სექტემბერს ხდებოდა, დილით კი ბრძოლა დაიწყო.
როცა ჩებოტარევის ეკიპაჟმა ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო, პირველივე ვაზნა ლულაში გაიჭედა. “ბმპ-მ ბრძოლისუნარიანობა დაკარგა, მგონი, არც ჰქონია. ის ვერ ისროდა”. ამავე დროს, არანაირი ელექტრონული კავშირი არ არსებობდა და ინფორმაციას კურიერის მეშვეობით გადასცემდნენ.
ის წავიდა, რომ მეთაურისთვის (უფროსი სერჟანტისთვის) ეცნობებინა ბმპ-ს გაუმართაობა, მაგრამ მეთაური ადგილზე აღარ დახვდა. “ჩვენ იქ მიგვატოვეს, გაფუჭებულ ბმპ-ში”, – იხსენებს ჩებოტარევი. უკანდახევის დროს ის სხვებს ჩამორჩა, წყალს გუბეებიდან სვამდა და დასახლებულ პუნქტს ეძებდა, რა დროსაც უკრაინელებს გადაეყარა, რომლებმაც დაატყვევეს კიდეც.