მოსკოველი აქტივისტები Food Not Bombs-დან ხშირად ურიგებენ საკვებს კურსკის ვაგზალთან, სკვერში შეკრებილ უსახლკაროებს. 9 ოქტომბერს, ერთ-ერთი ასეთი აქციის შემდეგ ერრთმა აქტივისტმა დაწერა, რომ უსახლკაროებს მობილიზებას უპირებენ.
მისი თქმით, 8 ოქტომბრის საღამოს საქველმოქმედო კარავში პოლიციელები გამოცხადდნენ, უსახლკაროებს პასპორტები ჩამოართვეს, ავტობუსებში გადაანაწილეს და წაიყვანეს. მოგვიანებით, 50 წელზე მეტი ასაკის კაცები გამოუშვეს, ხოლო ისინი, ვისაც პასპორტები არ ჰქონდათ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
აქტივისტებმა მომდევნო დღეს სწორედ ისეთ უსახკაროსთან ჩაწერეს ინტერვიუ, რომელიც ფრონტზე წასვლას ასაკის გამო გადაურჩა:
“ავტობუსში 20-25 კაცი ვიყავით, უკან ის თითქმის ცარიელი დაბრუნდა. დანარჩენები სამობილიზაციო პუნქტებში გადაიყვანეს”, – ჰყვება ის. ამასთან, კაცმა დაამატა, რომ ამ კარავში, ძირითადად, უსახლკაროები მოდიან და არა გაჭირვებულები, ამიტომ პოლიციელები აქ თამამად მოვიდნენ.
“მათ იციან, რომ ჩვენ არავინ მოგვიკითხავს – უსახლკაროები ყველაზე დაუცველი ჯგუფი ვართ”, – დაამატა მან.