fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რა მიიღო რუსეთმა “სარაკეტო ტერორით” და რატომ არ ზრდის დაბომბვის მასშტაბებს?

რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილ იერიშებს ცივილიზებულმა მსოფლიომ “სარაკეტო ტერორი” უწოდა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადების თანახმად, სარაკეტო იერიშებმა ამ ობიექტების მესამედი დააზიანა. მაგრამ ეს არ არის იმ სახის დაზიანებები, რომ მათ გამოო ობიექტების აღდგენა ვერ მოხერხდეს, მით უმეტეს, იმ მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში, რაც დღეს უკრაინას აქვს. ისმის შეკითხვა: შიდა აუდიტორიის მხრიდან აშკარა დაკვეთის მიუხედავად, რატომ არ ზრდის რუსეთი დაბომბვის მასშტაბებს? რატომ ვერ აზიანებს რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ თუ სამხედრო ინფრასტრუქტურას იმდენად, რომ ამან სერიოზული პრობლემები შექმნას?

ამ შეკითხვას სამხედრო საქმის სპეციალისტი კახა ესებუა თავის მომდევნო პოსტში ძალიან საინტერესოდ პასუხობს:

“ფრთოსან რაკეტებს საშუალოდ, 300-400 კგ-იანი საბრძოლო ნაწილი აქვთ. ერთი ასეთი რაკეტის სროლა დიდი ობიექტის განადგურებას ვერ უზრუნველყოფს, მით უმეტეს რუსული რაკეტების სიზუსტით და GLONAS-ით დამიზნების პირობებში. გარდა ამისა, საჭიროა ამ ობიექტების რეგულარული ბომბვა, რათა აღდგენა ვერ მოხერხდეს.

ხშირად რუსი პროპაგანდისტები წუწუნებენ, რატომ არ ვაფეთქებთ ხიდებს დნეპრზეო, რათა შეწყდეს დასავლეთ უკრაინიდან აღმოსავლეთში მებრძოლი დაჯგუფების მომარაგება. პასუხია – არ შეუძლიათ.

რა უნდა მოხდეს, რომ რეალურად სერიოზული ზემოქმედება უკრაინულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე?

ამისთვის საჭიროა ავიაციამ ამ ობიექტების თავზე იფრინოს და იაფი უმართავი ბომბებით (რომლებიც რუსებს უამრავი აქვთ) ანადგუროს ეს ობიექტები, ან თითო მსხვილ ობიექტზე მინიმუმ 10-15 ზუსტი რაკეტა გაუშვას. ამის შესაძლებლობა რუსეთს არ გააჩნია, ელემენტარულად არ აქვს ამდენი ზუსტი ფრთოსანი რაკეტა. ხიდებს რუსული რაკეტები დიდი ალბათობით მარტივად, ასცდება, თუ მოხვდება, მათ იმ ხარისხის დაზიანებას ვერ უზრუნველყოფს, რომ მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანოს.

შესაბამისად, პუტინს და მის გენშტაბს ურჩევნიათ, ხალხმა იფიქროს, რომ რუსული არმია ამ ხიდებს თავისთვის ინახავს, ვიდრე ყველამ ნახოს რამდენად არაეფექტიანია ასეთი დარტყმები ხიდების წინააღმდეგ. რუსული ავიაცია უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხვირს ვერ ყოფს, ამიტომ ხალიჩისებრი დაბომბვების განხორციელება ვერ ხერხდება. ამ დონის ობიექტების მწყობრიდან საბოლოოდ გამოყვანას მცირე ბირთვული მუხტები ჭირდება.

შესაბამისად, ის რაც მოხდა, იყო რეალურად ფსიქოლოგიური ეფექტის მატარებელი ოპერაცია და არა რეალური სამხედრო ეფექტზე გათვლილი მოქმედება.

ამის საპირისპიროდ, რუსეთმა უზრუნველყო უკრაინისთვის ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილების დაჩქარება, მის ენერგეტიკის სისტემაზე სანქციების დაწესების განხილვის დაწყება და არაა გამორიცხული, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდების დაჩქარებაც”, – წერს კახა ესებუა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული