უკრაინის არმიამ 2 ოქტომბერს, დაახლ. დილის 5-6 საათზე დაიწყო შეტევა ხერსონის მიმართულებით და 12 საათისთვის უკვე 10კმ-იან სიღრმეში იყვნენ შესულნი.
იქიდან გამომდინარე, რომ საღამოსკენ ბრძოლები ბერისლავთან მიმდინარეობს, გამოდის, რომ 2 ოქტომბერს დილით დაწყებული გარღვევის შემდეგ, უკრაინის არმია რუსი ოკუპანტების კონტროლირებად ოკუპირებულ ზონებში 68კმ-იან სიღრმეშია შესული.
უკრაინელები ამჯერად, ხერსონის ოლქში, სხვადასხვა მიმართულებაზე უტევენ, და, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მიერ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვიდან ჩანს, ხერსონის ოლქში ახალ “კატიოლს” ამზადებენ.
კონკრეტულად რას ეყრდნობა ეს დასკვნა?
უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელ ვიდეომიმართვაში, უკრაინის არმიის მიერ გათავისუფლებული რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ ორი – არხანგელსკოე და მიროლუბოვკა ახსენა. გადავიდეთ რუკაზე და ვნახოთ, სად არის ეს დასახლებული პუნქტები?

როგორც ამ დიდი რეზოლუციის რუკაზე ჩანს, მიროლუბოვკიდან დასავლეთით დაძვრის შემთხვევაში, უკრაინის არმია, სავარაუდოდ, დაუბრკოლებლად აიღებს ვერემიევკას (თუ უკვე არაა აღებული) და გააგრძელებს სვლას დასავლეთისკენ, ხოლო არხანგელსკოედან აღმოსავლეთისკენ დაძრული შენაერთები ან ნოვოპეტროვკას მიადგებიან, ან გვერდს აუვლიან მას და, დასახლებისგან სამხრეთით შეკრავენ ყულფს მიროლუბოვკა-ვერემიევკის გავლით წამოსულ თანამებრძოლებთან. ასეთ შემთხვევაში კი, ნოვოპეტროვკის “კატიოლი” სრულიად რეალური ხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროგნოზები მხოლოდ ალბათობის თეორიას ეფუძნება და მოცემულ დროს, მოცემული ვითარების გათვალისწინებით კეთდება, ვითარება კი ფრონტზე ძალიან ხშირად იცვლება ისე, რომ ლოგიკურ ვარაუდებს არ ექვემდებარება.
ფაქტი კი ის არის, რომ ხერსონის მიმართულებაზე შეტევა რუსი ოკუპანტებისთვის ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც ხარკოვის მიმართულებაზე გაშლილი ფრონტი. მოულოდნელობის ეფექტი კი ყოველთვის იმის სასარგებლოდ მუშაობს, ვინც მას იყენებს.