fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ეს ტრაგედია იმ ომის სიმპტომია, რომელიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს – ბარბარა ჯიმელი სულაშვილი

“ალფა სიხშირის” დამფუძნებელი ბარბარა ჯიმელი სულაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და წერს, რომ “მხოლოდ ემოციური შფოთვა და “ვაიმე-ვაიმე”-ს ძახილი არ შველის. უნდა გავუსწოროთ თვალი ფაქტებს, ცხადყოფაში მოვიყვანოთ რეალური მოვლენები სიმპტომების უკან”. მისი თქმით, “მაშინ მოგვეცემა შინაგანი სიმტკიცე და გამბედაობა, რომ გავერთიანდეთ და დაუღალავად, ხმამაღლა ვთქვათ, რა არის სწორი და რა არა (ოღონდ სიღრმისეულად და არა ზედაპირულად). მაშინ მოვიპოვებთ ძალასა და თავისუფლებას, რომ ვიმოქმედოთ და შევცვალოთ სისტემა“.

“ორი დღეა ვდუმვარ. არ ვიცი, რა ვთქვა.

ოთხი შვილი მყავს, მათ შორის 13 წლის გოგო. უამრავი მოსწავლე მყავს. დღეს ისინი ცოცხლები არიან, შემთხვევით. ჯერჯერობით ცოცხლები არიან.

გუშინ ვიყავი გაბრაზებული – როგორ შეიძლება, მანდ დენი გადიოდეს?! როგორ შეიძლება, დაუდევრობის გამო ბავშვი მოკვდეს?! როგორ შეიძლება, ესეთ უბედურება დაჰბრალდეს მშობელს?! ათასი კითხვა…

დღეს ვხვდები, რომ ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ იმ ჯაჭვის ლოგიკური დასასრული, რომელზეც მძივივით არის აცმული ეგოიზმი, კერძო ინტერესი, კორუფცია, გულგრილობა, დაუდევრობა, ნეპოტიზმი, არაკომპეტენტურობა…

არა, ეს ტრაგედია არის იმ დიდი ომის ყველაზე სასტიკი სიმპტომი, რომელიც გაშმაგებით მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ. ბავშვებს, ჩვენთვის ყველაზე ძვირფას არსებებს, მომავლის მატარებლებს, კლავენ, სხვადასხვა მეთოდით. სადღაც ბომბები ცვივა, სადღაც გაუპატიურებენ, სადღაც ესვრიან, სადღაც მუშტებს ან დანას ურტყამენ, სადღაც თვითმკვლელობამდე მიიყვანენ, სადღაც წამლავენ, სადღაც “უბედურებას” შესწირავენ. გვარები კარგად გვახსოვს: მაჩალიკაშვილი, შაქარაშვილი, ბაჩალეიშვილი, სირაძე, … და სხვა კიდევ ბევრი. მიზანი ერთია: შიშით, ძრწოლით, დამცირებით, უიმედობით გაანადგურონ ადამიანი ჩვენში. მიგვიყვანონ ემოციურ ატროფიამდე, უმოქმედობამდე, იმისათვის, რომ შემდეგ ადვილად გვმართონ.

მაგრამ ამ ომში განწირულები არ ვართ!

მხოლოდ ემოციური შფოთვა და “ვაიმე-ვაიმე”-ს ძახილი არ შველის. უნდა გავუსწოროთ თვალი ფაქტებს, ცხადყოფაში მოვიყვანოთ რეალური მოვლენები სიმპტომების უკან. მაშინ მოგვეცემა შინაგანი სიმტკიცე და გამბედაობა, რომ გავერთიანდეთ და დაუღალავად, ხმამაღლა ვთქვათ, რა არის სწორი და რა არა (ოღონდ სიღრმისეულად და არა ზედაპირულად). მაშინ მოვიპოვებთ ძალასა და თავისუფლებას, რომ ვიმოქმედოთ და შევცვალოთ სისტემა.

და მაშინ მოვიგებთ ამ ომს. დარწმუნებული ვარ…” – წერს ბარბარა ჯიმელი სულაშვილი.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში, დენმა სამ მოზარდს,თბილისის 55-ე სკოლის მოსწავლეებს დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, მისი ორი თანაკლესელი ბიჭი ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა გადაარჩინა – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მარიტა მეფარიშვილს დღეს, 15 ოქტომბერს დაკრძალავენ, პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება. შსს-ს ცნობით, უკვე გამოკითხულია 100-ზე მეტი პირი, გამოკითხვა გრძელდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული