უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ირანული დრონი-კამიკაძეები ამ დროისთვის უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ის ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე კამიკაძე-დრონებით მასობრივი შეტევები, შესაძლოა, 2-3 თვის განმავლობაში გააგრძელოს.
“ მათ იპოვეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაღები, რომელიც გვაიძულებს, გავისროლოთ რაკეტების მთელი მარაგი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ამბობს არესტოვიჩი.
“რუსეთში გაგზავნილი ირანული უპილოტო კამიკაძე-დრონების პირველი პარტია 300 საფრენ აპარატს შეადგენდა, მეორე პარტია ბევრად, გაცილებით მეტია. საერთო ჯამში, საუბარია 2400 უპილოტო საფრენ აპარატზე. ამგვარი ტემპებით, 1 თვის განმავლობაში შესაძლოა დღეში 100 საჰაერო რეიდი განხორციელდეს”.
მიუხედავად იმისა , რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ირანული დრონების 80%-ს და ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტს ანადგურებს, მთავარი პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რაც არესტოვიჩმა ახსენა- იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ირანული Shahed-136/Shahed-131 -ის მოსაგერიებლად S-300-ებისა Buk m1-ების რაკეტების დარჩენილი მარაგების გახარჯვა მოუწევს ( გავრცელებული ინფორმაციით, არც ისე დიდი მარაგებია მათი 8 თვიანი აქტიური გამოყენების გამო დარჩენილი) , საჰაერო თავდასხმების მთავარი საფრთხე სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს.
რუსი ოკუპანტების მიერ შავი და კასპიის ზღვის აკვატორიიდან, ბელარუსისა და კასპიის ზღვისპირეთის საჰაერო სივრციდან გაშვებულ ფრთოსან რაკეტებს( Kalibr-ებს ; Kh-101; Kh-55 ) უკრაინელთა საჰაერო თავდაცვა დღეის მდგომარეობით ეფექტურად უმკლავდება – მასობრივი თავდასხმის შემთხვევაშიც( როდესაც ერთდროულად 70-80 რაკეტის გაშვება ფიქსირდება) კი მოგერიების- საჰაერო სამიზნის განადგურების მაჩვენებელი 55-60%-ია , ხოლო არამასირებული თავდასხმის დროს ( 15-20 რაკეტის გაშვება ერთდროულად ) საჰაერო თავდაცვის სისტემებს მტრის რაკეტების 80%-იც კი გაუნადგურებია – არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა მსგავსი მოგერიებებისა. იმ შემთხვევაში თუ ანტისაჰაერო სისტემათა რაკეტები მალე ამოიწურება , ვერც აშშ და ვერც ევროპის სახელმწიფოები ვერ მოასწრებენ დროის მცირე მონაკვეთში იმ უდიდესი მარაგების დანაკლისი შეუვსონ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რაც შესაძლოა თან ახლდეს Buk m1-ისა და S-300-ის რაკეტების გახარჯვას. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ რამდენიმეჯერ გაიზრდება რუსული ფრთოსანი რაკეტების შედეგიანობა.
რუსული ავიაცია რომ ბოლო 5-6 თვეა დღემდე ვერ რისკავს ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში შეფრენას და საბრძოლო დავალებათა შესრულებას, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ უკრაინის ტერიტორია მეტ-ნაკლებად გაჯერებულია საშუალო და შორ რადიუსზე მოქმედი Buk m-1-ისა, თუ S-300-ის სისტემებით, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს მთავარი ბარიერი ირანული დრონების საშუალებით მინიმუმამდე ”ჩაიწევს” , დიდია ალბათობა იმისა, რომ რუსულმა ავიაციამ დაიწყოს მასობრივი შეფრენები უკრაინის საჰაერო სივრცეში.