fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინული ტელეგრამ-არხები მკაცრად გააფრთხილეს – კიევი “ოპერატიულ სიჩუმეს” გააკონტროლებს

“ალფა სიხშირის” წარმომადგენელი უკრაინიდან იტყობინება, რომ უკრაინული ტელეგრამ-არხების მმართველები საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში პასუხისმგებლობის შესახებ მკაცრად გააფრთხილეს – ოპერატიული დუმილის რეჟიმი უკრაინაში მკაცრად გაკონტროლდება.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ქვეყნდება ოპერატიული ცნობები უკრაინის არმიის ამჟამინდელი მოქმედებისა თუ სამომავლო გეგმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მსგავს ინფორმაციას ქვეყნის სამხედრო ან პოლიტიკური სტრუქტურების წარმომადგენლები ავრცელებენ.

სხვათა შორის, არამარტო უკრაინაში, საქართველოშიც ბევრმა მოისაკლისა ინფორმაციის ნაკლებობა ფრონტის წინახაზებიდან. საუბარია კონკრეტულად, მიმდინარე ინფორმაციაზე და არა უკვე მომხდარი შეტევებისა თუ გარღვევების ანალიზზე, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

უკრაინაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა ისედაც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და აწესებს ზღვარს სამხედრო შინაარსის ცნობების გავრცელებაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს საკმარსიი არ აღმოჩნდა. მით უმეტეს, ზოგჯერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია ამა თუ იმ დასახლების აღების, ამა თუ იმ მიმართულებაზე გარღვევის შესახებ, რამდენიმე დღის შემდეგ არ დასტურდება და არც ოფიციალურ ცნობებში ქვეყნდება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ამასწინანდელ ტელეგრამ-პოსტში, რომლის ქართულ თარგმანსაც რადიო “თავისუფლება” აქვეყნებს, ყველაფერია ნათქვამი:

„თანამდებობრივად მხოლოდ შეზღუდულ პირთა ვიწრო წრეს აქვს წვდომა უმაღლესი დონის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. ცხადია, ამ უფლებამოსილების ფარგლებში მე ვიცი, თუ ვინ და რა სახის ოპერაციას გეგმავდა აღმოსავლეთსა და სამხრეთში და ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი. მაგრამ ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში ზოგიერთი კორესპონდენტი ისე წერს სამხედრო ოპერაციის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებაზე, თითქოს ჰქონდეს წვდომა და კანონიერი ნებართვა მათ გავრცელებაზე.

ცხადია, მე შემეძლო მიმემართა სამართალდამცველი ორგანოებისთვის, რათა მოეძებნათ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟონავი. მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ ჭორებს ავრცელებენ. მახარებს, რომ ჯერჯერობით „საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს“ და ტელეგრამის არხებს არავინ ეუბნება, თუ რა იყო და რა არის სინამდვილეში. მაგრამ, თუ მოხდება ინფორმაციის არასანქცირებული გაჟონვა, ამაზე რეაგირებას კანონის შესაბამისად მოვახდენთ“, – წერდა ანა მალიარი.

ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ იზრუნა, რათა წამყვანი უკრაინული, პატრიოტული ტელეგრამ-არხების (ასეთებში არამხოლოდ მედიაგამოცემების არხები შედიან) მმართველებამდე და ადმინებამდე დაეყვანა გაფრთხილება მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუ ოპერატიულ დუმილს არ შეინარჩუნებდნენ.

ამით აიხსნება 13-15 სექტემბერს ინფორმაციის აშკარა სიმწირე, რომელსაც ტელეგრამ-არხებზე ვაწყდებით.

აქვე დავძენთ, რომ “ალფა სიხშირე” უერთდება ოპერატიული დუმილის რეჟიმს და როგორც აქამდე, უკრაინიდან ექსკლუზიური არხებით მიღებულ ინფორმაციასა და ვიდეომასალას გამოაქვეყნებს დაყოვნების გონივრული ვადის გათვალისწინებით და იმ კონტექსტში, რომ გამოქვეყნებული მასალა ლოკაციური თვალსაზრისითაც უვარგისი/მოძველებული იყოს მტრისთვის.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული