უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებული წინსვლის შედეგად, ოკუპანტები არაორგანიზებულად იხევენ უკან და პოზიციებიდან იმ ველოსიპედებითა და მტოროლერებით გარბიან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას წაართვეს.
“ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის მიმართულებით წინ წასული უკრაინის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ცეცხლი გაუხსნეს რა ზსუ-ს პოზიციებს ტანკებიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “სოლნცეპიოკიდან”, მაგრამ საპასუხო ცეცხლის შედეგად დიდი ზიანი მიადგათ და უკან დაიხიეს.
ისინი ჩივიან უკრაინის არმიის ორგანიზებული კონტრშეტევის გამო, ასევე უჩივიან საბრძოლო მასალებისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობას. ლოგისტიკის მოშლის გამო უკან იხევენ არაორგანიზებულად – მიატოვეს პოზიციები და ტყეს შეეფარნენ. საბრძოლო პოზიციების დასატოვებლად იყენებენ ველოსიპედებსა და მოტოროლერებს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას წაართვეს. უმრავლესობა ქვეითად გარბის”, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკრაინელებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო ბოლო სამი დღის განმავლობაში, მხოლოდ ხარკოვის მიმართულებაზე, 50 კმ-ით წაიწიეს წინ, რაც კარგადაა ასახული ამ ვიდეოგრაფიკაში:
ბოლო 24 საათში კი, უკრაინელმა სამხედროებმა საბორნე გადასასვლელსა და რუსების იარაღის კონცენტრაციის რამდენიმე ტერიტორიაზე მიიტანეს იერიში.
ბალაკლეა ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარეობს. თუ ქართული მასშტაბებით წარმოვიდგენთ, ბალაკლეა უფრო დიდ ფართობს იკავებს, ვიდრე, მაგალითად, თელავი ან ზესტაფონი.
ქალაქში, ბოლო აღწერით, 30.000 ადამიანი ცხოვრობდა. ბალაკლეა სამჯერ დიდია პოპასნაიაზე, რომელსაც რუსი ოკუპანტები ორი თვის განმავლობაში უტევდნენ.
რაც შეეხება კუპიანსკს, რომელიც ხარკოვიდან იზიუმისკენ გზაზე მდებარეობს და სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ წუთებში შეტევაზე არიან გადასული და, თუ აშშ ომის შემსწავლელ ინსტიტუტს დავუჯერებთ (არ გვაქვს არნდობის საფუძველი), ამ ქალაქის აღება 76 საათის განმავლობაში შეუძლიათ:
კუპიანსკი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძია, რომელზეც რუსეთიდან მომავალი რკინიგზა, სარკინიგზო კვანძით “კუპიანსკი საკვანძო” და ორი ავტომაგისტრალი გადის. კუპიანსკზე კონტროლის დამყარებით უკრაინელები შეძლებენ, შეუწყვეტონ მომარაგება ოკუპანტთა დაჯგუფებას იზიუმში, ასევე, ლუგანსკის ოლქის დიდ ნაწილში.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის უკრაინის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები ოსკოლსკოესთან, წყალსაცავთან მოქმედებენ, ხოლო კუპიანსკთან მდინარე ოსკოლზე მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც კუპიანსკს იზიუმთან აკავშირებდა, უკრაინელებმა “ჰაიმარსის” ზუსტი დარტყმით გაანადგურეს.