უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური მოქმედებები, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ამ დრომდე გრძელდება.
მონაცემები სხვადასხვა დასახლებების გათავისუფლების შესახებ იმდენად ხშირად იცვლება, რომ უკვე თვალის მიდევნებაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები ბლიცკრიგის პრინციპით უტევენ.
თუ მხოლოდ მშრალ სტატისტიკას მივმართავთ, 11 სექტემბრის, დღის მეორე ნახევრის მდგომარეობით, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინელებმა 40-ზე მეტი დასახლებული პუნქტიდან განდევნეს ოკუპანტები, რაც ჯამში, დაახლოებით 30.000 კვადრატული კილომეტრია.
ეს ნიოშნავს, რომ უკრაინელებმა დაიბრუნეს იმაზე მეტი ტერიტორია, რაც უკრაინაში რუსეთმა დაიპყრო 2022 წლის მარტის შემდეგ. საინტერესოა, რომ რუსმა ოკუპანტებმა 2022 წლის სექტემბერში არამხოლოდ თებერვლის შემდეგ, არამედ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიც დატოვეს, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 11 სექტემბერს გამოქვეყნებულ ოპერატიულ რუკაზე, ხარკოვის ოლქი საერთოდ არ არის იმ ტერიტორიათა არეალში, რომელსაც მოსკოვი მის მიერ კონტროლირებად სივრცედ ნიშნავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტების გათავისუფლების შემდეგ, სახელმწიფო საზღვრამდე 50 კმ იყო დარჩენილი. დღეს, დღის განმავლობაში განახლებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს მანძილი ბევრად შემცირებულია. მაგალითად, ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული პუნქტის – ლიპცის გათავისუფლების შემდეგ, სახელმწიფო საზღვრამდე სულ რაღაც 13 კმ.-ია დარჩენილი.
ეს და სხვა სიახლეები, მუდმივად განახლებად რეჟიმში, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, რომელიც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ქვეყნდება უკრაინიდან მიღებული ცნობები, რომლებიც სანდო და სარწმუნო წყაროების გარდა, საკუთარ ინფორნაციასაც ეყრდნობა: უკრაინაში ამ დრომდე მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფი.