fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკრაინა იყენებს წინააღმდეგობის დოქტრინას, რომელიც აშშ-მა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიმუშავა

უკრაინამ ყირიმთან მიმართებაში გამოიყენა წინააღმდეგობის კონცეფცია, რომელიც აშშ-მა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიმუშავა – CNN

რუსეთთან ომში უკრაინა წარმატებით იყენებს წინააღმდეგობის კონცეფციას (Resistance Operating Concept/ROC), რომელიც აშშ-მა ნატოსთან ერთად შეიმუშავა 2013 წელს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, – ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა წერს, რომ ამ კონცეფციით დაინტერესება თავდაპირველად მხოლოდ ესტონეთმა, ლიეტუვამ და პოლონეთმა გამოთქვეს, თუმცა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ამ წინააღმდეგობის კონცეფციის მიმართ ინტერესი დასავლეთში მაშინვე გაიზარდა.

დოქტრინა არ ითვალისწინებს აჯანყების მხარდაჭერას ან წამოწყებას, მისი მიზანია სანქცირებული სახელისუფლო ძალების შექმნა, რომლებიც საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით იმოქმედებენ.

CNN წერს, რომ ამ დოქტრინის მიდგომებით ხელმძღვანელობენ არამხოლოდ უკრაინელი სამხედროები, არამედ ქვეყნის მოსახლეობაც, რათა შეთანხმებული მოქმედებებით გაეწიოს წინააღმდეგობა საოკუპაციო ძალებს.

წინააღმდეგობის დოქტრინა გულისხმობს ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევას, როგორიცაა “მოლოტოვის კოქტეილის” გამოყენება, მტრის სატრანსპორტო საშუალებების წინასწარგანზრახული დაწვა, საწვავის ავზებში სპეციალური ქიმიკატების დამატება მწყობრიდან ტექნიკის გამოყვანის მიზნით, ასევე მოუწოდებს ფართო საინფორმაციო ქსელის შექმნისკენ, რათა მაქსიმალურად დაიბლოკოს მტრის საინფორმაციო კამპანია და შენარჩუნდეს მოსახლეობის ერთიანობა.

რუსულ ტანკებსა და სხვა ჯავშანტექნიკაზე უკრაინული იერიშების ვიდეოები, რომლებიც გაფორმებული იყო სხვადასხვა პატრიოტული საუნდტრეკებითა და ჰევი-მეტალით, ვირუსული ხედბოდა ომის დასაწყისიდანვე და ასეა ახლაც, ასევე ვირუსულია ვიდეოები, სადაც უკრაინელი მეომრები ეხმარებიან და სიცოცხლეს უნარჩუნებენ მიუსაფარ ცხოველებს.

“ნებსით თუ უნებლიედ, ეს კადრები წინააღმდეგობის ნაწილი ხდება, რადგან წარმოაჩენს უკრაინას მისთვის ხელსაყრელად დასავლეთის მედიის ჰედლაინებში, ასევე ხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების გაკეთილშობილება, რასაც ვერ ვიტყოდით რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე”, – წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ ამ წინააღმდეგობის ავანგარდში დგას პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც თავისი საღამოს ვიდეომიმართვებით და ხშირი გამოსვლებით საერთაშორისო არენაზე, მუდმივად სამხედრო სტილში ჩაცმული, არ იძლევა საერთაშორისო ყურადღების ცენტრიდან კონფლიქტის გაქრობის საშუალებას.

“წინახაზზე მის ვიზიტებს საერთაშორისო მედია მუდმივად აშუქებს, მაშინ როცა ვლადიმირ პუტინის ხილვა კრემლის გარეთ, ფაქტობრივად, შეუძლებელია”, – წერს CNN.

გადამდგარი პოლკოვნიკი კევინ სტრინგერი, რომელიც წინააღმდეგობის კონცეფციის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ყირიმში მიმდინარე აფეთქებების სერიაში სწორედ ამ კონცეფციის გამოყენების ნიშნებს ხედავს:

“როცა შედეგის მიღწევა შეუძლებელია ჩვეულებრივი მეთოდებით, მიმართავ სპეციალურ მოქმედებებს, რომლებიც მოითხოვს წინააღმდეგობის კონცეფციის მხარდაჭერას: დაზვერვა, რესურსები, ლოგისტიკა – რათა იმ რეგიონებზე მიიღოთ წვდომა, რომელიც დაპყრობილია. დიდი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინააღმდეგობის კონცეფციის პრინციპები ახლა და დღეს, რეალურ საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება”, – ამბობს პოლკოვნიკი სტრინგერი.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული