fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

შეტევა ხერსონის მიმართულებაზე – სად რა ხდება (განახლებადი)

11:58 (თბ. დრ.) ხერსონის გარეუბნებში დილიდან ისმის ორმხრივი სროლის ხმა, ამასთან დაკავშირებით კი რამდენიმე ვერსია ვრცელდება იმ ფონზე, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. 

ერთ-ერთი ვერსიით, ქალაქში მყოფი პარტიზანები გააქტიურდნენ, სხვა ვერსიით კი ხერსონში უკვე შეაღწია უკრაინელთა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა და ქუჩის ბრძოლები დაიწყო. 

ამასთან, იტყობინებიან რამდენიმე ახალი აფეთქების შესახებ რუსი ოკუპანტების პოზიციებზე. კერძოდ, ცოტა ხნის წინ აფეთქება იყო ავტობაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ოკუპანტთა სამხედრო ტექნიკის სადგომი იყო მოწყობილი. 

ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძრის კერა გაჩნდა, ცენტრალურ ნაწილში სახანძრო მანქანები მოძრაობენ. 

06:25 (თბ.დრ.) – უკრაინის შეიარაღებული ძალების “სამხრეთის” სარდლობამ 29 აგვისტოს უკრაინული იერიშების შედეგები შეაჯამა:

დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია, მინიმუმ, 82 ოკუპანტი, განადგურებულია 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის:

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300;

ორი ტანკი Т-72,

11 ჰაუბიცა “Мста-Б”,

3 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები “Град” და Ураган”,

მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემა “Солнцепек”,

თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა “Гиацинт-С”,

თვითმავალი საარტილერიო-ნაღმმტყორცნი მოწყობილობა “Нона-С” და 120 მმ-იანი მობილური ნაღმმტყორცნი,

თვითმავალი ჰაუბიცები “Акация” და “Мста-С”,

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა,

ჯავშნიანი ტექნიკის 6 ერთეული,

ბერისლავში, ვისოკოპილიასა და ანტონოვკაში 3 საბრძოლო მასალების საწყობი.

ამავე დროს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხერსონის, ბერისლავისა და კახოვკის რაიონებში განთავსებულ რუს ოკუპანტთა მართვის პუნქტებზე განხორციელდა 13 დარტყმა.

03:28 (თბ.დრ.) – შეტევაზე გადასულმა უკრაინის არმიამ გააფართოვა კონტროლის ზონა ხერსონის ოლქში. გადმოჰყავს რეზერვები დავიდივ ბრიდთან, ბლაგოდატნესა და ვისოკოპილიასთან. დაკავებულია დასახლებები ანდრიივკა და ლოზოვე.

მიკოლაევ-ხერსონის ტრასის გასწვრივ უტევს სოლდატსკედან კისელივკისკენ.
ასევე ოლჰინოს, ვისოკოპილიას, მიროლიუბივკისა და პეტრივკის მიმართულებით.
რუსები ელოდებიან მძიმე ღამეს და ფრონტის გარღვევის მორიგ მცდელობებს.

ამავდროულად, CNN უკრაინის არმიაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გათავისუფლებულია კიდევ 4 დასახლებული პუნქტი: ნოვოდმიტროვკა, არხანჰელსკე, ტომინა ბალკა და პრავდინე.

რუსების განცხადებით, პრავდინეში ბრძოლებია, თუმცა ასახელებენ კიდევ ერთ დასახლებას, რომელიც უკრაინის არმიამ დაიკავა – ტერნოვი პოდი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მწყობრიდან გამოსულ ანტონოვკის ხიდთან განადგურებულია ბარჟა, რომლითაც რუსები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ალყაში მოქცეული ძალების მომარაგებას ცდილობდნენ.

ასევე, ცნობები ხერსონის ოლქში მდებარე ნოვა კახოვკაში, კალანჩაკსა და ტავრიისკში რუსულ პოზიციებზე დარტყმების შესახებ

-(ლექსო მაჭავარიანი)-

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული