მას შემდეგ, რაც ღამით უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სევასტოპოლის ბელბეკის ავიაბაზაზე, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქის შესასვლელში ბლოკ-პოსტი განათავსეს და ქალაქში შემსვლელი მანქანების შემოწმება დაიწყეს.
ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო განგაშის სიგნალი ქერჩში. ყირიმის ნახევარკუნძულზე სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსკოვიდან მიიღეს მითითებები, იმოქმედონ განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში.
ბელბეკის აეროდრომი და ავიაბაზა ერთერთი უდიდესია ყირიმის ნახევარკუნძულზე. ამ დროისთვის ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული იმ სამხედრო დანაკარგის სახე, რაც რუსეთმა განიცადა ბელბეკის დაბომბვის შედეგად, თუმცა, ცნობილია იქ ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა და სახეობა, დაახლოებით ერთი თვის წინანდელი მონაცემებით.
სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი იმ თვითმფრინავების სიას აქვეყნებს, რომლებიც ბელბეკზე იყვნენ ბაზირებული.
მისი ვარაუდით, ავიაბაზას უკრაინელებმა რამდენიმე ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ესროლეს. აეროდრომზე ბაზირებულია რუსეთის საჰაერო ძალების 38-ე გამანადგურებელი პოლკი, შემდეგი რაოდენობის გამანადგურებლებით:
12 ერთეული Су-27
12 ერთეული Су-27СМ
3 ერთეული Су-27УБ
5 ერთეული Су-30М2
8 ერთეული МИГ-29.
ამას გარდა, გუშინ ღამით აფეთქებები დაფიქსირდა ასევე ბელგოროდში, საჰაერო განგაში იყო ქერჩში, აფეთქდა რუსული საბრძოლო მასალების საწყობები ენერგოდარსა და ნოვა კახოვკაში.
საპასუხოდ, რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზე, სადაც სამი რაიონი დაიბომბა, არიან დაზარალებულები. ფრთოსანი რაკეტები ისროლეს დნეპროპეტროვსკის ოლქისა და კრამატორსკის მიმართულებითაც. ღამის ორი საათისთვის სრულიად უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
კიდევ ერთი დეტალი: აპლიკაციამ “განგაში”, პირველად ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საჰაერო განგაშის ზონად მონიშნა დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული.
გვადევნეთ თვალი ტელეგრამზე, 24/7: მეტი ამბავი, მეტი კადრი, მეტი ფოტო –