fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ყველაფერი ჩერნობაევკაზე, ჩერნობაევკელის თვალით

ყველაფერი ჩერნობაევკაზე, ჩერნობაევკელის თვალით.

ჩერნობაევკა, დასახლება ხერსონის ოლქში, მნიშვნელოვანი აეროდრომით, დღეს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი უკრაინული დასახლების სახელწოდებაა, რომელიც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის სიმბოლოდ იქცა.

ცნობილია არანაკლებ 28 წარმატებული უკრაინული იერიშის შესახებ ჩერნობაევკაზე, რაც ნიშნავს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სწორედ ამდენჯერ აიღეს და დათმეს აეროდრომი.
გაჩნდა უამრავი მიმი და ხუმრობა, რითაც აჭრელებულია ინტერნეტი.

მაგრამ ჩერნობაევკის მცხოვრებლები მთლად ასე მხიარულად ვერ უყურებენ იქ მიმდინარე მოვლენებს.

ერთერთი მცხოვრები “ნასტოიაშეე ვრემიას” ეთერში ჰყვება, რომ ჩერნობაევკაში არ წყდება რუსული ტექნიკის კოლონების გადაადგილება. ინტერვიუ აპრილშია ჩაწერილი.

ინტერვიუს ფრაგმენტი:

– მინიმუმ, 110 სახლი, საერთოდ განადგურებულია.

– რა რაოდენობიდან?

– სახლი ბევრია, აქ 10.000-მდე ვცხოვრობთ, მაგრამ დავთვალე ის სახლები, რომლებიც აღგვილია პირისაგან მიწისა. იმათზე არაფერს ვამბობ, რომლებიც ნაწილობრივაა დანგრეული.

– ყოველდღე ასეთი ამბავია?

– კი, ყოველდღე. რუსული ტექნიკა აქ გადაადგილდება უსასრულოდ.

– ახალი კოლონები თუ ძველები დადიან წრეზე?

– ახალიც და ძველებიც. რუსები დანგრეულ ტექნიკას, ჩამოგდებულ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებსაც აქ მოათრევენ, მერე კი მინდვრებში გარბიან. მგონი, უნდათ, რომ ამ ტექნიკას დაარტყან და არა მათ.

თქვენი თვალით ნანახს ჰყვებით?

– დიახ. ახლა გესაუბრებით და ფანჯრიდან აეროდრომს ვხედავ.

– თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ურტყამენ რუსეთის ჯარის ტექნიკას, ასეა?

– ამის თქმა ზუსტად შეუძლებელია. როცა ჭურვები მოფრინავენ და მიფრინავენ, ვერაფერს ვხედავთ. უბრალოდ, ვგრძნობთ, რომ როცა მიწა ზანზარებს – მოფრინავენ, როცა გრუხუნებს – მიფრინავენ.

– ახლა იქაურობა ზანზარებს თუ გრუხუნებს?

– ახლა მიწა ზანზარებს.

როგორ იქცევიან რუსი სამხედროები? ადგილობრივებს ერჩიან?

-არა. ჯერ არა, მაგრამ ღამით დადიან, ეზოებში ფანრებს ანათებენ, პანიკას თესავენ. ჩვენთან დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებიც ძალიან ცოტაა.

-ჰუმანიტარული მდგომარეობა როგორია? არის კავშირი ხერსონთან? პროდუქტებით მარაგდებით?

– კრიტიკული მდგომარეობაა. ჩვენთან 30 მაღაზია იყო, უმრავლესობა დაიხურა. არავის უნდა სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობა. რამდენიმე მაღაზია დარჩა.

– ამ ეტაპზე ჩერნობაევკიდან რომელიმე მიმართულებით შესაძლებელია მოსახლეობის გასვლა?

– იყო ერთი გასასვლელი, მაგრამ ახლა იქ ბრძოლები მიდის. ჩვენი მეომრები გვირჩევენ, სახლებში ვისხდეთ და არ გავიდეთ გარეთ, არ ვიაროთ ქუჩებში და შემოგარენში.

– რა არხებით იღებთ ამ შეტყობინებებს უკრაინელი მებრძოლებისგან, შეგიძლიათ კონკრეტიკის გარეშე მითხრათ?

– ჩვენ იქ ახლობლები გვყავს, ისინი იბრძვიან. და როცა საჭიროა, შეტყობინებას გვიგზავნიან, გვწერენ, როდის ჯობია სარდაფში ჩასვლა, როდის არ უნდა გავიდეთ მაღაზიაში, როდის – ქუჩაში. მერე ამ შეტყობინებებს ვშლით.

– რუსი სამხედროები სახლებში თუ შედიან? როგორ იქცევიან ხალხთან?

– არა, შევარდნის შემთხვევები არ ყოფილა. ისინი ცდილობენ ხალხთან კომუნიკაციას, მაგალითად, მაღაზიის რიგებში, როცა რაღაცის ყიდვა უნდათ, კაცებს სიგარეტს სთავაზობენ, ცდილობენ, თავაზიანად ესაუბრონ, მაგრამ უმეტესწილად, ზურგს ვაქცევთ ხოლმე. ერთხელ, 8 მარტს, ერთი მაღაზიის წინ, ბტრ-ით გაჩერდნენ.

გამოვიდა ქალი, მაღაზიის მფლობელი, 8 მარტი მიულოცეს და ჰკითხეს, რომელ მეზობელს შეეძლო მათი გამოკვება, ქალმა კი უხეშად უთხრა: “არ ვიცი, სხვაგან ეძებეთ”. იყო შემთხვევები, როცა სახლებში, უბრალოდ, დასაბანად შევიდნენ. ანუ, ავტომატით ხელში მიადგნენ ოჯახს და ეუბნებიან სახლებში მყოფებს: “არაფერს დაგიშავებთ, უბრალოდ, დაბანა გვინდა”.

რასაც თქვენ ჰყვებით რუს სამხედროებზე, განსხვავდება იმისგან, რასაც, მაგალითად, სუმის ოლქში მცხოვრებლები გვიყვებიან. ეტყობა, ყველგან სხვადასხვანაირად იქცევიან…

– იცით, ხერსონი ის ოლქია, რომელიც თავიდანვე, პირველივე დღეებიდანაა ოკუპირებული. ისინი აქ ცდილობენ, უხეშად არ მოიქცნენ, რადგან ეს სატელევიზიო სცენარებისთვის სჭირდებათ. იყო შემთხვევა, აქ ჰუმანიტარული ტვირთი დაარიგეს და თან გადაიღეს, აი, ხალხს ვეხმარებითო…”

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული