აფხაზი ბოევიკებისგან დაკომპლექტებული ბატალიონის “პიატნაშკას” შტაბი გუშინ დონეცკში უკრაინელებმა დაბომბეს. დაბომბვის ამსახველი ვიდეოკადრები უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს.
ლუგანსკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის მეთაური სერგეი გაიდაი წერდა, რომ ადგილზე ძალიან ბევრი დაჭრილი და დაღუპულია, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია მეთაურის ახრა ავიძბას ლიკვიდაციის შესახებაც, თუმცა, ეს ცნობა არ დასტურდება.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გამოსვლისას ახრა ავიძბამ უარყო, რომ “პიატნაშკამ” დანაკარგი განიცადა:
“არ ვიცი, რას ზეიმობდნენ, მთელი დღის განმავლობაში სიხარულის ყიჟინა ისმოდა უკრაინელების მხრიდან. “ჰაიმარსების” რაკეტები ტყუილად გახარჯეს, ერთი “უაზიკი” დაწვეს და უხაროდათ…”, – განაცხადა ახრა ავიძბამ.