რუსი ოკუპანტებისთვის სულ უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია ხერსონის ოლქის დასახლება ვისოკოპილიასთან, სადაც რუსული შენაერთები უკრაინელებმა ალყაში მოაქციეს. ალყაში სულ 2.000-მდე ოკუპანტია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ადგილზე მყოფი უკრაინელი მეომრებისგან ინფორმირებული პირები კი წერენ, რომ იქ შეტაკებები გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში და დღეს დილიდან მიმდინარეობდა: ოკუპანტები ცალ მხარეს ალყის გარღვევასა და უკანდახევას ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ალყა უფრო შემჭიდროვდა, რის შემდეგაც ოკუპანტები უკრაინელებთან რადიოკავშირზე გავიდნენ და მოლაპარაკების მიზნით შეხვედრა ითხოვეს: ისინი უკანდახევის უფლებას და ერთ მხარეს დერეფნის შექმნას ითხოვენ.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე კონცენტრირებული უკრაინული შენაერთების მეთაურები კონსულტაციებს გადიან უმაღლეს მთავარსარდლობასთან, რის შემდეგაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
