fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ვინ არიან “ტიტუშკები”, რატომ მიდიან დაპირისპირებაზე და რატომ აშინებთ 3 ივლისის აქცია/დეტალები

რაც უფრო ახლოვდება 3 ივლისი, მით მეტად ღელავს ხელისუფლება და, ჟანრის კანონის თანახმად, მეტ შეცდომასაც უშვებს.

ვამბობთ “ხელისუფლება”, ვგულისხმობთ მმართველ პარტიას, ვამბობთ “მმართველ პარტიას”, ვგულისხმობთ ხელისუფლებას – ისე, როგორც ძველი საბჭოეთის დროს პარტიასა და ლენინზე იტყოდნენ.

24 ივნისის შემდეგ, რაც 3 ივლისის აქცია დაანონსდა და ხელისუფლებას ამ დრომდე ვადა მიეცა 20 და 24 ივნისის აქციების მონაწილეთა მოთხოვნების შესასრულებლად, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, 3 ივლისის აქციის მნიშვნელობაზე სასაუბროდ, მოსახლეობასთან შეხვედრები ჩანიშნეს და დაიწყეს, რაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიის აქტივისტებს არც თბილისში და არც რეგიონებში არ გამოჰპარვიათ, ოპონენტებს სათანადოდ მომზადებული დახვდნენ და შეხვედრების ჩაშლასაც გულმოდგინედ ცდილობდნენ.

მაგალითად, გორში ოპოზიციის წარმომადგენლებს მწვანილებით დახვდნენ და ესროლეს, ლანჩხუთში – ადგილობრივი აქტივისტები იყვნენ მობილიზებულები, ქუთაისში და ხონში – საჯარო მოხელეები. ასე განსაჯეთ, ერთი ქალი ისე დაიბნა ჟურნალისტის შეკითხვის დროს – “თქვენ ახლა მერიიდან არ გამოხვედით?”, რომ უპასუხა, ოღონდ ასე: “კი, მერიაში ვიყავი საქმეზე, იქანე ვმუშაობ, მაგრამ გათავისუფლებული ვარ ახლა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო…”

პოლიტიკურად ანგაჟირებული და მოტივირებული ქალები დედაენის ბაღშიც ჭარბობდნენ. ასე მაგალითად, ჩვენმა კორესპონდენტმა მარიამ კვარაცხელიამ გადაიღო კიდეც ქალები, რომლებიც ჯანს სულაც არ უჩიოდნენ და საინიციატივო ჯგუფისა და სტუდენტების შეხვედრის დროს დაცვას ეჯიკავებოდნენ, რათა შეხვედრის სივრცეში შეეღწიათ და ის ჩაეშალათ, რაც, ნაწილობრივ, მოახერხეს კიდეც.

სამოქალაქო მოძრაობის ერთერთმა წარმომადგენელმა მარიამ გეგუჩაძემ, რომელიც სამოქალაქო აქტივობით გამოირჩევა, “ალფა სიხშირის” შეკითხვაზე, რამდენად მართული, მასშტაბური და ორგანიზებულია “ტიტუშკების” აქტიურობა, უპასუხა, რომ ეს ნამდვილად ხელისუფლების მართული პროცესია. მისი თქმით, “როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, “ტიტუშკებს” ერთნაირი მესიჯბოქსი აქვთ, მაგალითად, კითხულობენ: “ლევან ბერძენიშვილს გმობ, ძმაო?” – და ამას ეკითხებიან ყველას”.

პროცესი რომ მართულია და ის, რომ “ტიტუშკები” დავალებებს იღებენ, კარგად გამოჩნდა კიდევ ერთი აქტივისტის, მარიამ დოლიძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან, რომელზეც ერთერთი “ტიტუშკის” სმარტფონის დისპლეი ჩანს, რომელიც განათებულია, რადგან სავარაუდოდ, საერთო ჩატიდან მესიჯია მოსული.

“დღეს სტუდენტებთან შეხვედრაზე მოგზავნილ პროვოკატორებს ეს მესიჯბოქსი მოსდიოდათ. უკან მჯდომმა სტუდენტმა გადაუღო. ”კარგი იქნება თუ წამოაცდევინებთ, ომი უნდა დაგვეწყო”

”გვაძევებენ. სად არიან, გავგიჟდი” – ალბათ, ელოდნენ ორკების დამატებას.” – წერს მარიამ დოლიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ თსუ მაღლივ კორპუსთან მისული “ტიტუშკები” განსაკუთრებული ცინიზმითა და აგრესიულობით იმ სტუდენტების მიმართ გამოირჩეოდნენ, რომლებიც 3 ივლისთან დაკავშირებულ ფლაერებს არიგებდნენ. მოგვიანებით ამ მოძალადეებში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ამოიცნეს და სახის იდენტიფიკატორიც გამოაქვეყნეს.

ტერმინის განმარტება:

ტერმინი “ტიტუშკა” უკრაინიდან მოდის. ამ მეტსახელით მოიხსენიებენ სპორტული აღნაგობის ახალგაზრდებს, რომლებსაც, როგორც წესი, იანუკოვიჩის ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი მიტინგებისა და დემონსტრაციების დასაშლელად იყენებდა. ტერმინი თანამედროვე უკრაინული ენისა და სლენგის ონლაინლექსიკონშიცაა შეტანილი და ის რეალურად არსებულ პიროვნებას ვადიმ ტიტუშკოს უკავშირდება.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული