fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

უკვე მეხუთე: პეტერბურგთან ახლოს, გაზპრომის კიდევ ერთი ტოპ-მენეჯერი მოკლეს

იური ვორონოვი “გაზპრომის” მეხუთე ტოპ-მენეჯერია, რომელიც რუსეთში მოკლული იპოვეს.

იური ვორონოვის ცხედარი მისსავე აგარაკზე, აუზში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით იპოვეს. მას აგარაკი პეტერბურგთან ახლოს, მორსკიე ტერასის კოტეჯურ დასახლებაში ჰქონდა.

იური ვორონოვს თავში ესროლეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, აუზში ჩააგდეს. იქვე იპოვეს ტრავმატული პისტოლეტი. სამართალდამცველები ახლა სწავლობენ, ვის ეკუთვნის იარაღი.

61 წლის ვორონოვი სატრანსპორტო კომპანია “ასტრა შიპინგის” გენდირექტორი იყო და “გაზპრომის” არქტიკურ წერტილებს აკონტროლებდა. ცოლის ნაამბობის თანახმად, ბოლო დროს ის ბევრს სვამდა და ნერვიულობდა, ხოლო აგარაკზე გამგზავრებამდე კონფლიქტი ჰქონდა საქმიან პარტნიორებთან.

ამ წლის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა “გაზპრომის” მენეჯერები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებიან:

30 იანვარს ლენინგრადის ოლქში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს “გაზპრომ ინვესტის” სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, 60 წლის ლეონიდ შულმანი. მისი ცხედარი სააბაზანოში აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი სუიციდი იყო, დასკვნის მიზეზად წერილი დასახელდა, რომელიც თითქოს შულმანმა სიკვდილის წინ დაწერა – იქ აღნიშნული იყო, რომ უკვე აღარ შეეძლო მოტეხილი ფეხის ტკივილის ატანა და სიცოცხლეს ამიტომ ემშვიდობებოდა.

25 თებერვალს იმავე რაიონში, 61 წლის ალექსანდრე ტულიაკოვის ცხედარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან სახლის გვერდით, მშენებარე ფარეხის რკინის კავზე ჩამოიხრჩო თავი.

18 აპრილს მოსკოვში, უნივერსიტეტის პროსპექტზე, საკუთარ სახლში იპოვეს 51 წლის “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევი და მისი ოჯახის წევრები. ოფიციალური ვერსიით, ავაევმა თავისი 47 წლის ცოლი და 13 წლის შვილი – მარია პისტოლეტით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ცხედრის პოვნისას მას იარაღი ხელში ეჭირა.

21 აპრილს კი ესპანეთის ქალაქ ლიორეტ-დე მარში 55 წლის სერგეი პროტოსენისა და მისი ოჯახის წევრების ცხედრები იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან ნაჯახით მოკლა ცოლი და ქალიშვილი, შემდეგ კი ბარში გავიდა და ხეზე თავი ჩამოიხრჩო. ის რუსეთში უმსხვილესი კერძო გაზმომპოვებელი კომპანია “ნოვოტეკის” ტოპ-მენეჯერი იყო. მისმა ვაჟმა ფიოდორმა მალევე განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ მამამისი მოკლედ და მას არ შეეძლო, დაეხოცა მისი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან უყვარდა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული