fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

თუ ქსნის ზონაში გადავიყვანთ, გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების ხმებს მოვიპოვებთ – წინასაარჩევნო წერილები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროვეს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ფაილები, რომლებიც კონკრეტულ ელექტრონულ მისამართებზე, სახელმწიფო უწყებებში 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაგზავნილი წერილებია კონკრეტული სიებით, რითაც, არასამთავრობოების განცხადებით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების მობილიზება ხდებოდა.

აღინიშნა, რომ სიები იგზავნებოდა შსს-ს მაღალჩინოსნებთან, ასევე იუსტიციის სამინისტროში და ისინი შეიცავდა მსჯავრდებულთათვის სასჯელის შემსუბუქების, მართვის მოწმობის აღდგენის, მეწარმეებისთვის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეკომენდაციებს, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პირად მონაცემებს.

მაგალითად, ბექა მიქაუტაძის მიერ, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროში გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: “მოგახსენებთ, რომ **** რაიონში ცხოვრობს უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება ლევან ****, რომელიც სასჯელს იხდის გლდანის ციხეში. თუ ჩვენ მოვახერხებთ მის გადაყვანას ნახევრად ღია და დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ქსნის ზონა), ჩვენ მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმარისი რაოდენობით ხმების მიღებას”. წერილი 2018 წლის ნოემბრით თარიღდება.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ხმების მობილიზების მასშტაბური გეგმა გაშიფრულია და ხელისუფლებას ამ ფაილების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული