fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ტამიშის სისხლისმღვრელი შეტაკებიდან 29 წელი გავიდა

29 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელი ტამიში და მისი მომიჯნავე სოფლები, სისხლისმღვრელი ბრძოლების მომსწრე გახდა. ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი სამხედროები წინააღმდეგობას უწევდნენ ზღვიდან გადმოსხმულ, რუსეთის მიერ მართულ დესანტს. 52 მეომარი დაკარგეს ქართველებმა პირველ დღეს, უთანასწორო ბრძოლაში.

2 ივლისი უმძიმესი დღე იყო ქართველი მებრძოლებისთვის. 1993 წლის 2 ივლისს დილის 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან რუსეთის რეგულარულმა არმიამ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველოფდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. ჩრდილიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია.

შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართულმა მხარემ რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცემბა შესძლეს დესანტის მოგერიება, შეინარჩუნეს პოზიციები და მთლიანად გაანადგურეს საზღვაო დესანტი.

სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას ბატალიონმა“ და „ავაზამ“ განიცადა. დესანტი რუსეთის დროშებით არ ომობდა, თუმცა დაპირისპირებულ მხარეს დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. თავად აფხაზები ტამიშის დესანტს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებად თვლიან. ეს იყო ყურადღების გადამტანი მანევრი, ამით რამდენიმე დღე გზა ჩაკეტეს სოხუმისკენ. მთავარი დარტყმა სოხუმზე მოხდა. შეუტიეს სოფელ შრომას, ეს სოფელი სოხუმს თავზე გადმოჰყურებს.

მაშინ ქართველი სამხედროები გმირობის მაგალითს იძლეოდნენ და საბოლოოდ გაანადგურეს კიდეც, ძირითადად, რუსებით, ჩრდილოკავკასიელი დაქირავებულებითა და აფხაზი მებრძოლებით დაკომპლექტებული ძლიერი და კარგად მომზადებული დესანტი. ამ ბრძოლაში შავნაბადის ბატალიონის ერთ-ერთ განშტოებას – ”პირველი საარმიო კორპუსის დაზვერვის ცალკეულ ბატალიონს” – იმხანად 25 წლის გიორგი თავდგირიძე ხელმძღვანელობდა და თავადაც იყო ჩართული ბრძოლაში, სადაც მოწინააღმდეგეებს სამი ტანკიც აუფეთქეს და საგრძნობი დანაკარგიც აგემა. თუმცა, როგორც თავად თავდგირიძე აღნიშნავს, ტამიშის ბრძოლების მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართულმა მხარემ სათავისოდ ვეღარ გამოიყენა…

დღეს, 2 ივლისს, 29 წელი შესრულდა ტამიშის ბრძოლებიდან.

გაუმარჯოს ყველა ღირსეულ ქართველ მებრძოლს!

დიდება გმირებს!

ავტორი: ვალერი ხორგუაშვილი

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული