სოხუმში, ე.წ. “აფხაზური დროშების დღის” ზეიმზე საქართველოს სახელმწიფო დიზაინის მქონე დროშების გამოჩენის გამო სკანდალი მწიფდება.
რამდენიმე პოლიტიკოსმა და სამოქალაქო აქტივისტმა, რომლებიც მარიონეტულ ხელისუფლებას უჭერენ მხარს, უკვე გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ ამ დიზაინის დროშების გატანა აღქმული იყო სოხუმში საქართველოს დროშის აფრიალებად და ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნაც გაჟღერდა.
ვიდეოს გავრცელებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართულ ინტერნეტსივრცეშიც – ინფორმაცია სხვადასხვა, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. სინამდვილეში, ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ზეიმზე გამოტანილი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშა არ არის: პატარა ჯვრების ნაცვლად, მასში მსხვილი, წითლად შეფერილი წრეებია – აფხაზთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ძველი აფხაზური დროშაა.
ამასთან, არ არის გამორიცხული, ამ დიზაინის დროშების ზეიმზე გატანის ინიციატორები ე.წ. სპეცსამსახურებში, დაკითხვაზეც დაიბარონ.