fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის დატოვება სტრატეგიული თვალსაზრისით – კახა ესებუას ანალიზი

ცნობილი სამხედრო მიმომხილველი კახა ესებუა, რომელიც ხშირად აანალიზებს უკრაინაში არსებულ მდგომარეობას, ვრცლად განიხილავს, რას ნიშნავს სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დატოვება უკრაინელების მიერ, სამხედრო-სტრატეგიულ ჭრილში და ხაზს უსვამს, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.

კახა ესებუა განიხილავს ასევე იმ ამოცანებს და გეგმებს, რომელიბიც, დიდი ალბათობით, ამ დროისთვის აქვს დასახული უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

“ბევრგან შემხვდა სასოწარკვეთილი პოსტები უკრაინელების მიერ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დატოვების შესახებ. რეალურად, ოპერატიული (მით უმეტეს სტრატეგიული) კუთხით არაფერი მომხდარა და ავხსნი რატომ.

ეს ორი ქალაქი სტრატეგიულად არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ისინი არ კეტავენ არც ერთ გზას, მნიშვნელოვან კომუნიკაციას, არ წარმოადგენენ გაბატონებულ სიმაღლეს, მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ზღუდეს. მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსული არმია საკუთარ საუკეთესო შეტევით პოტენციალს ხარჯავს აქ, პოლიტიკურია. ეს ქალაქები წარმოადგენდა საშუალებას, გასულიყვნენ ლუჰანსკის ოლქის საზღვრებზე და ეპატაკათ პუტინისთვის ე.წ. ლნრ-ის გათავისუფლების შესახებ. უკრაინელების ამოცანა ამ მიმართულებაზე იყო რუსული ძალებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება და მისი შესაძლებლობების დეგრადაცია, რასაც მიაღწიეს კიდეც.

უკრაინისთვის ამ ადმინისტრაციულ საზღვრებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ეს მთლიანად უკრაინის ტერიტორიაა და შესაბამისად რაიმე პირობით ხაზებზე გამაგრებას არანაირი აზრი არ აქვს ოპერატიული ხელოვნების კუთხით, რუსები კი ოპერატიულ მოსაზრებებს უგულებელყოფენ პოლიტიკურის სასარგებლოდ.

უკრაინის სამხედრო მეთაურობა საკუთარ ძალებს სხვა, ბევრად უფრო გამართლებულ და ჭკვიანურ მიზნებს უსახავს.

1. მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე რუსული პლაცდარმის განადგურება და ქალაქ ხერსონის აღება

2. ვოვჩანსკისა და კუპიანსკის აღება და იზუმის დაჯგუფების ოპერატიულ ალყაში მოქცევა

3. პერსპექტივაში მელიტოპოლის მიმართულებით შეტევის განვითარება

ყველა ეს მიზანი ემსახურება მოწინააღმდეგის მიერ შექმნილი ლოგისტიკური დერეფნების გადაჭრას, რაც რუსულ ძალებს უკიდურესად რთულ ვითარებაში ჩააგდებს.

კუპიანსკი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია რუსული არმიისთვის და მისი გადაჭრა გამოიწვევს იზუმის მსხვილი რუსული დაჯგუფების ალყას, თუ მათ არ დატოვეს ტერიტორია და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით არ გადაინაცვლეს. ამით დასრულდება რუსული ოცნება აღმოსავლეთ უკრაინის სრულად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

ხერსონის დაკავება გამოიწვევს რუსული ამბიციის ოფიციალურ დასასრულს მიკოლაევი-ოდესის მიმარათულებით გაჭრასა და დნესტრისპირეთთან სახმელეთო ხიდის შექმნასთან დაკავშირებით.

მელიტოპოლის მიმართულებით შესაძლო შეტევა კი უკრაინას საშუალებას მისცემს გაჭრას კომუნიკაცია მარიუპოლსა და ყირიმს შორის და ხერსონის დაჯგუფება პრაქტიკულად ოპერატიულ ალყაში შეიძლება მოექცეს თუ მათ ყირიმის ვიწრო ყელით არ ისარგებლეს და დროულად არ დატოვეს ეს ტერიტორია. ამის შემდეგ ბერდიანსკში გამაგრება რუსებისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამოცანა იქნება და მათ მოუწევთ უკან დახევა მარიუპოლის მიმართულებით.

ბევრს საუბრობენ უკრაინის მოსალოდნელ კონტრ-შეტევაზე. მე როგორც შთაბეჭდილება მექმნება უმეტესობას ეს წარმოუდგენია ასე – უკრაინა გაშლის ველზე ასობით ტანკს და ჯავშანმანქანას, იხუვლებენ და შეესევიან რუსულ ჯარს. რა თქმა უნდა ასე არ მოხდება. უკრაინელებმა განსაზღვრეს ოპერატიული მიზნები და ძირითად კვანძებზე აკეთებენ კონცენტრაციას. ისინი არ ჩქარობენ და პირად შემადგენლობას უფრთხილდებიან. საკვანძო წერტილების დაკავება თავისთავად გამოიწვევს რუსული ძალების გაწოვას. მათ არ აქვთ მხარდაჭერა მოსახლეობაში და რაიონული თავდაცვის წარმოება მათი მხრიდან წარმოუდგენელია. იგივე მოხდა კიევი-სუმი-ჩერნიგოვის მიმართულებზე, კუნძულ ზმეინიზე და იგივე მოხდება სხვაგანაც.

ასე რომ არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა. მთავარია უკრაინამ გააგრძელოს შეიარაღების მიღება, ათვისება, ძალების დაგროვება და რაიმე განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვას. ამ შემთხვევაში, წარმატება მხოლოდ დროის საკითხია”, – წერს კახა ესებუა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული