fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რა ბედი ელით სიკვდილმისჯილ “აზოველებს” – უკრაინის დაზვერვის მონაცემები

როგორც ცნობილია, “აზოვის” ორ მებრძოლს ე.წ. «ДНР»-ის სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა. საუბარია კონსტანტინ ნიკიტენკოზე (“ფოქსი”) და ნიკოლა “ფროსტზე”.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ისინი დონეცკის ოლქის ტყვეთა კოლონიიდან უკვე წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. რუსი პროპაგანდისტები სხვადასხვა ვერსიას ავრცელებენ: ერთნი ამბობენ, რომ სასამართლომ განაჩენი უკვე 9 ივლისს გამოაცხადა, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ სხდომა ჯერ არ გამართულა და შესაბამისად, განაჩენიც არ გამოცხადებულა. ე.წ. ოფიციალურ პირებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

დახვრეტის განაჩენის დადგომასთან დაკავშირებითაც, რუსი პროპაგანდისტების მიერ, სხვადასხვა ვერსია სახელდება. თავდაპირველად დაიწერა, თითქოს ამ “აზოველებმა” მარიუპოლში მშვიდობიან მოქალაქეებს გაუხსნეს ცეცხლი, სხვა ვერსიით კი ისინი თავს დაესხნენ კოლონას, რომელსაც დაჭრილი რუსი ჯარისკაცები გადაჰყავდა.

კიდევ ერთი ვერსიით, ეს “აზოველები” მონაწილეობდნენ რუსულ ჰუმანიტარულ კოლონაზე თავდასხმაში, რომლის კადრებიც თავად გაავრცელეს და რომელიც ვირუსული გახდა (მასზე აღბეჭდილი იყო, როგორ გადააგდეს ღობიდან დაჭრილი ოკუპანტებისკენ აზოველებმა ხელყუმბარა, რომელიც ერთმა ჯარისკაცმა აიღო და სხვა თანამებრძოლებისკენ მოისროლა, რათა თავი გადაერჩინა).

აღსანიშნავია, რომ ამ “სასამართლო პროცესამდე”, 8 ივლისს, ე.წ. დნრ-ში გაუქმდა კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას კრძალავდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, დროებით ოკუპირებულ ოლენოვკაში (დონეცკის ოლქი) 2.449 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც “აზოვსტალს” იცავდნენ.

19 ივნისს გავრცელდა ცნობა, რომ “აზოვის” მეთაურები რუსეთში გადაიყვანეს, “შემდგომი საგამოძიებო მოქმდებებისთვის”. მანამდე კი “აზოვის” მეთაურმა დენის პროკოპენკომ სამეთაურო უფლებები მაიორ ნიკიტა ნადტოჩის გადასცა.

29 ივნისს კი, ომის ფართომასშტაბიანი მონაკვეთის დაწყებიდან ყველაზე დიდი ტყვეთა გაცვლა შედგა და უკრაინაში დაბრუნდა 144 ჯარისკაცი, მათგან 95 – აზოველია.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული