fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

ოკუპანტები ჰაუბიცებს ვეღარ იყენებენ – ზალპს საპასუხო დარტყმა მოსდევს

ბოლო დროს უკრაინის იმ ტერიტორიაზე, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, წესით, ოკუპანტთა გააქტიურება და, შესაბამისად, წინსვლაც უნდა იყოს შესამჩნევი.

მაგრამ ასე არ არის: ე.წ. ოპერატიული პაუზის შემდეგ, ოკუპანტებმა კი განაახლეს შეტევები, მაგრამ უკვე ორ კვირაზე მეტია, ერთ ადგილას “ბუქსაობენ” და წინ ვერ მიიწევენ.

ასეთი სურათია აღწერილი არამარტო უკრაინის არმიის გენშტაბის მონაცემებში, არამედ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსიტუტისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებშიც, რომელიც ფრონტებზე არსებულ მდგომარეობას ომის დაწყების დღიდან აკვირდება და ანალიზს აქვეყნებს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები, 19 ივლისი

პირველ რიგში, რუსული შენაერთების შეფერხებები და ერთ ადგილზე დგომა (თუ არ ჩავთვლით ცალკეულ, მცირე დასახლებულ პუნქტებს, რომლებზეც კონტროლს მხოლოდ ამ დასახლებიუს მიწასთან გასწორებისა და უკრაინის არმიის ორგანიზებული უკანდახევის შემდეგ ამყარებენ) HIMARS სისტემის სწორად გამოყენებითაა გამოწვეული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელებმა სწორედ ამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით გაანადგურეს რუს ოკუპანტთა სამხედრო ბაზები და ასევე, საბრძოლო მასალების საწყობები, სულ 40-ზე მეტი ობიექტი.

საბრძოლო მასალების საწყობების განადგურება დამატებით პრობლემებს უქმნით ოკუპანტებს: მათ მოუწიათ საწყობების გადატანა ფრონტის ხაზიდან მოშორებით, “ჰაიმარსის” რაკეტებისთვის მიუწვდომელ ადგილებში, საიდანაც მიწოდების ლოგისტიკის დაგეგმვა სულ უფრო და უფრო ჭირს:

ფაქტობრივად, ჭურვებისა და სხვა მასალების მიწოდება შეიარაღებული ფორმირებებისთვის, ოკუპანტებს პირდაპირ “ბორბლებიდან” უწევთ, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის, რომ მასალებმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწიოს: გრძელი მარშრუტის გავლა ნიშნავს, რომ მოძრავ კოლონას “ბევრი თვალი” დაინახავს, ეს კი, თავის მხრივ, უკრაინელი არტილერისტებისთვის კოორდინატების მიწოდების ალბათობას ზრდის, სამხრეთის ფრონტზე კი თავიანთ როლს უკრაინელი პარტიზანებიც თამაშობენ. ასე რომ, ოკუპანტთა თავის ტკივილი, რეალურად, სწორედ “ჰაიმარსია”, რომელმაც უკვე შეცვალა ომის ბედი უკრაინელთა სასარგებლოდ.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში გარდატეხის მომენტი დადგა და უკრაინელებმა კონტრშეტევა დაიწყეს – აქამდე ჯერ კიდევ თვეებია დარჩენილი: მანამ, სანამ “ლენდ ლიზით” გათვალისწინებული მიწოდება დაიწყება, რაც სექტემბერ-ოქტომბრიდან იგეგმება – როცა აშშ-ში ახალი ფისკალური წელი დაიწყება.

მანამდე კი რუსი ოკუპანტები კიდევ ერთი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: იმ ვითარებაშიც კი, როცა რუსეთის რესურსები, არტილერიის კუთხით, რვაჯერ აღემატება უკრაინისას, რუსული სამხედრო შენაერთები ვეღარ ახერხებენ არტილერიის ეფექტურად გამოყენებას.

მიზეზი აქაც “ჰაიმარსია”: რუსულ შეიარაღებაში არსებული “ჰაუბიცებით” უკრაინული პოზიციების დაბომბვას, როგორც წესი, საპასუხო დარტყმა მოსდევს ხოლმე ისე, რომ რუსული საარტილერიო ბატარეა გადაჯგუფებას (ლოკაციის შეცვლას) ვერ ასწრებს.

ამას თავად რუსი ოკუპანტები, მათდაუნებურად ადასტურებენ, როცა ვიდეოებს აქვეყნებენ, საიდანაც ჩანს, რომ რომელიმე დანადგარიდან გასროლას რამდენიმე წუთში საპასუხო დარტყმა მოსდევს (ერთერთ ასეთ ვიდეოში რუსული სახელმწიფო ტელეარხის პროპაგანდისტი ჟურნალისტიც კი ჰყვებოდა, რომ “გასროლის შემდეგ უკრაინელებმა დისლოკაციის ადგილი დაადგინეს და საპასუხო დარტყმა განახორციელეს”).

ასე რომ, უკრაინელების დიდი დანაკარგის მიუხედავად, ივლისის შუა რიცხვებისკენ ფრონტების წინახაზებზე იქმნება მდგომარეობა, როცა ოკუპანტები, საპასუხო დარტყმების შიშით, ფაქტობრივად ვერ იყენებენ მცირე და საშუალო სიშორის არტილერიას, ძირითადად, “ჰაუბიცებს”.

სწორედ ამით აიხსენბა ისიც, რომ ბოლო დროს ოკუპანტები ფრთოსანი რაკეტების აქტიურად გამოყენებაზე გადავიდნენ და თუ აქამდე ნიღაბს მაინც ინარჩუნებდნენ, ახლა უკვე განურჩევლად ბომბავენ არამარტო სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ საცხოვრებელ კორპუსებსაც…

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული