09:58 – ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 31 ადამიანი, მათ შორის, 4 ბავშვი და ერთი ორსული ქალი.
06:24 – დადგენილია, საიდან ისროლეს რაკეტები ოდესისკენ: რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამი ბორტი Ту-22м3 ვოლგოგრადის ოლქიდან აფრინდა და ყირიმის მიმართულებით მოძრაობდა. ისინი ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაპირთან იმყოფებოდნენ, როცა სამი Х-22/Х-32 რაკეტა გაუშვეს ბელგოროდ-დნესტრისპირეთის მიმართულებით. ერთი რაკეტა ოდესის დასასვენებელ ცენტრში ჩამოვარდა, მეორე საცხოვრებელ კორპუსში, მესამე კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
04:16 – ვრცელდება ვიდეო, რომელიც ასახავს ოდესაში საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ მდგომარეობას, რუსული რაკეტის დაცემის შემდეგ:
04:12: – ცოტა ხნის წინ, ოდესაში რუსეთმა მორიგი სარაკეტო ტერაქტი განახორციელა:
რუსული რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და დასასვენებელ ცენტრს მოხვდა. ადგილზე ხანძარია, მუშაობენ მაშველები.
ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია ათი ცხედარი – მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
“ალფა სიხშირე” დამატებით დეტალებს მათი მიღებისთანავე გაცნობებთ.
შეგახსენებთ, ეს ბოლო 5 დღის განმავლობაში მეორე მასშტაბური შემთხვევაა, როცა რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სამოქალაქო ობიექტზე – 26 ივნისს კრემენჩუკში რაკეტა სავაჭრო ცენტრს დაეცა იმ დროს, როცა შენობის შიდა სივრცეში 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.