fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ხვალ და ზეგ უარესებს ველი – ახლა რომ ვერ წარმოგვიდგენია ისეთებს…” – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” შემოგვკადრა ყველაფერი, რისი შემოკადრებაც შეიძლებოდა და ამაში არავითარი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია, აქედან გამომდიონარე, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ყველაფერი გაუვა. 

ბექა კობახიძის აზრით, დიტო სამხარაძის გინება “მხოლოდ ერთი კაცის ხეპრეობა” კი არა, “ოცნების” საერთო პოზიციაა, რადგან კონტროლის მექანიზმი მოშლილია. 

“ამიტომ არის რომ ვეღარ ვხედავთ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოსულ შეშინებულ ივანიშვილს, ამიტომ არის რომ აღარავის არსად არ გადააყენებენ, როგორც “გავრილოვის ღამეს” გადააყენეს კობახიძე. აიშვეს…” – წერს ბექა კობახიძე და დასძენს, რომ ხვალ და ზეგ უარესს ელოდება. “ასეთი რამ არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში” – ასკვნის ბექა კობახიძე. 

ბექა კობახიძის სტატუსი:

“დიმიტრი სამხარაძის დღევანდელ ვიდეოს ნუ მივიღებთ ერთი კაცის ხეპრეობად, გაუთლელობად. პრობლემა ბევრად უფრო საშიშია და არ ღირს ის ღლიცინად, იუმორად.

მოდი ჩავიდეთ მიზეზებში და დავინახოთ პროცესი დინამიკაში.

ძალაუფლების მქონე ხალხი მიდრეკილნი არიან გარყვნისკენ. კარგ ქვეყნებში მათ ქცევას აკონტროლებს ამომრჩეველი/საზოგადოება.

საქართველოში ხელისუფლებათა ქცევას გარკვეულ ზღვრებს უდებდა ჯერ დასავლური სამყარო თავისი მოთხოვნებით, მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოში არსებული მყიფე სამოქალაქო საზოგადოება.

არსებულ ვითარებაში ხელისუფლება გრძნობს რომ კონტროლის ეს ორივე მექანიზმი მოშლილია.

წინა ხელისუფლებებისგან განსხვავებით, პირველად 1995 წლის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაწია დასავლეთი ქვეყნის აწმყოს და მომავლის განსაზღვრის პროცესებიდან.

გადააგორა რა ძალიან საშიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, გადააგორა რა ძალიან საშიში “გავრილოვის ღამე”, შემოგვკადრა რა ყველაფერი რისი შემოკადრებაც არ შეიძლებოდა და ამაში არავითარი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია, ოცნება დღეს თვლის რომ მას შეიძლება ყველაფერი გაუვიდეს.

ამიტომ არის რომ ვეღარ ვხედავთ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოსულ შეშინებულ ივანიშვილს, ამიტომ არის რომ აღარავის არსად არ გადააყენებენ, როგორც “გავრილოვის ღამეს” გადააყენეს კობახიძე. აიშვეს…

შევხედოთ დინამიკას: შარლ-მიშელის შეთანხმება თავზე გადაახიეს ევროპასაც და ქართულ საზოგადოებასაც, ზარქუებმა და სხვა უსახელო კაცებმა დაიწყეს ევროპარლამენტარების, ელჩების, უმაღლესი რანგის დასავლეთელი დიპლომატების კრიტიკა; შემდეგ გადავიდნენ მათ ლანძღვაზე და გაშავებაზე;

წულუკიანმა 1937 წლის მეთოდებით დაიწყო ხალხის წმენდა კულტურის სამინისტროს სისტემაში; გია ვოლსკიმ უხამსი ჟესტი აჩვენა საპროტესტო აქციის მონაწილეებს; ახლა უკვე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი ცემა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. ესე იგი ერთი მოქნევით საზოგადოებასაც და ამერიკასაც უქნა თავზე; ახლა დიმიტრი სამხარაძემ დედის ტრაკი აგინა აქციის მონაწილეებს, ეს გადაიღო და საამაყოდ გამოდო.

მეგობრებო, დეგრადაცია პროგრესირებს და ეს არ გაჩერდება, რადგან კონტროლის ორივე მექანიზმია გამქრალი. ხვალ და ზეგ უარესებს ველი. ახლა რომ ვერ წარმოგვიდგენია ისეთებს ველი.

ასეთი რამ არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში.

ახლა აუცილებლად დამიწერს ვინმე “აბა სააკაშვილი?” და სანამ დამიწერს მე უნდა დავწერო რომ სააკაშვილი ემორჩილებოდა კონტროლის მექანიზმებს. 2007 წლის აქციებისა და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის აღარ იყო იმდენად თავდაჯერებული თავის ქმედებებში, რამდენადაც მანამდე. მას შეიძლება ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ დასავლეთის ფეხებზე დაკიდებას ვერ დააბრალებ. ამ დასავლეთის გამო იყო რომ 2012 წელს მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება ქართულ ოცნებას.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მაგალითად დავით კირკიტაძეს ამერიკის საელჩოს ეზოში ეცემა დავით აქუბარდია და კირკიტაძისთვის ეს ვინმეს ეპატიებინა? აქუბარდიას ნაკლებად და ამერიკელებს მართლა სცემდნენ პატივს.

ან ის წარმოგიდგენიათ, რომ ნაცების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ევროპელი სოციალისტებისთვის “კრიმინალების სინდიკატი” ეწოდებინა, როგორც ეს ირაკლი კობახიძემ ქნა?

მახსოვს, თუ არ ვცდები სანოძემ, კისტის თოფი და წყლით სავსე ბუშტები ესროლა ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ თვითონ კი არ გადაუღია, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა გადაიღეს და დიდი აღშფოთებაც გამოიწვია. ახლა თავად იღებენ და საამაყოდ დებენ!

მოიშალა ყველაფერი, კონტროლის მექანიზმები აღარ გვაქვს.

ორადორი ფაქტორი, რასაც დღეს სამხარაძეები და ოხანაშვილები პატივს სცემენ, ორადორი ზღვარი რისი გადალახვაც მათ არ შეუძლიათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსეთის არგაღიზიანება.

ბუნებრივია, ბიძინაც და რუსეთიც არათუ პასუხს არ მოსთხოვენ მათ უსაქციელობაზე, არამედ წაახალისებენ.

სანამ რუსეთი ომის ტალღაზეა უკრაინაში, დასავლეთს საქართველოში აქტიური პოლიტიკა ვერ ექნება, ქოცებს ვერ სჯის ჯერჯერობით. ამიტომ ისევ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ დავაბრუნოთ ოცნების თვალებში შიში და რიდი.

ამას ვამბობ და რისი იმედი მაქვს?

წარმოვიდგინოთ რომელიმე კარგი ქვეყანა, მაგალითად შვედეთი:

იქაური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს (ვოლსკის ეკვივალენტს) რომ უხამსი ჟესტი ეჩვენებინა საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის;

მეორე მხრივ, ასეთივე ჟესტი ეჩვენებინა შვედეთის საკალათბურთო ნაკრებისთვის ფინეთის ნაკრების მწვრთნელს.

როგორ მოიქცეოდა შვედური საზოგადოება?

გეტყვით 99%-იანი სიზუსტით: ფინეთის ნაკრების მწვრთნელზე უბრალოდ იტყოდნენ რომ უხამსი და იდიოტია, ჩაიქნევდნენ მასზე ხელს და მაქსიმუმ ფიბაში შეიტანდნენ მის წინააღმდეგ სარჩელს;

ხოლო ვოლსკის შვედურ ეკვივალენტს იმავე დღეს სამუდამოდ დაამთავრებინებდნენ პოლიტიკურ კარიერას და მისი პარტია იმავე დღეს დაკარგავდა ამომრჩეველთა ხმების 15%-ს, თუ მეტს არა.

ჩვენში რა მოხდა? ვოლსკიზე რეაქცია ნოლი და უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ჟესტზე აღიგზნო ერი, მათ შორის ანტიქოცებიც, ხოლო ქოცებმა ფაქტობრივად ზელენსკის და უკრაინელ ერს დააბრალეს ერთი გაუთლელი კაცის უსაქციელობა. ერთი მწვრთნელის უხამსობაზე იგივე ხალხი ცდილობს ჩვენში ანტიუკრაინული აღტყინების გამოწვევას, ვინც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქის სახლებიდან გამოდევნას და ოკუპაციას გვაგუებს.

აი ასეთი იმპულსებისა და სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოებას, რანაირად შეუძლია ოხანაშვილსა და სამხარაძეს მოსთხოვოს პასუხი?

ამიტომ, შედეგი გვაქვს ისეთი როგორიც გვაქვს.

ან ვეგუებით რომ ესაა მოცემულობა და ხვალ, ზეგ ბევრად უარესს ველით, ან თავზეხელაღებული წინააღმდეგობით მინიმუმ შიშს ვაბრუნებთ ივანიშვილის თვალებში.

ძალიან მძიმედ არის საქმე და ჩვენს გამოსასწორებელს არავინ გამოასწორებს”, – წერს ბექა კობახიძე. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული