fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

არა – უკრაინა არ მარცხდება თანდათან, იმის მიუხედავად, რომ ლუგანსკის ოლქს რუსეთი აკონტროლებს

რუსეთის კონტროლქვეშ ახლა მთლიანად ლუგანსკის ოლქია და ფეხს იკიდებს წარმოდგენა, რომ უკრაინა მარცხდება. ასეა თუ არა? მოკლე პასუხია – არა. იხილეთ ვრცლად, ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი:

ლისიჩანსკის აღება კრემლმა ფართოდ აღნიშნა: ამ ოპერაციის მონაწილეები დააჯილდოვა, ორ გენერალს რუსეთის გმირის წოდება, რამდენიმე გარნიზონს კი „გვარდიულის“ სტატუსი მიანიჭა.

მაგრამ კრემლი ამ გამარჯვების მნიშვნელობას, სავარაუდოდ, წინასწარგანზრახულად, აბუქებს: უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევა და განადგურება ვერ მოხერხდა და, საერთო ჯამში, ლისიჩანსკიდან უკრაინელებმა ორგანიზებულად დაიხიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუს სამხედროებს მათთან შეჯახება მოუწევთ უკრაინელების პოზიციებზე, რომლებიც არაა ლისიჩანსკში, მაგრამ არც შორსაა ქალაქიდან.

უფრო ადრე კიევში და არამარტო კიევში, დიდი ზარზეიმით აღნიშნეს კუნძულ ზმეინნიდან რუსეთის გარნიზონის ევაკუაცია, რაც თავად რუსეთმა „კეთილი ნების ჟესტად“ გაასაღა. სინამდვილეში, რუსეთი იძულებული გახდა, კუნძული დაეტოვებინა იმის მიუხედავად, რომ იქ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ადრევე განათავსა:

ზმეინნი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 40 კმ-ში მდებარეობს, ხელმისწავდომია საშუალო სიშორეზე მოქმედი არტილერიისთვის და ეს უკრაინელებმა კარგადაც გამოიყენეს. ამ ცეცხლის ჩახშობა შეეძლო რუსეთის სამხედრო ავიაციის წერტილოვან დარტყმებს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში რუსეთი ამას ვერ გააკეთებდა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები კი, მასობრივი საარტილერიო დაბომბვის დროს, უძლურნი არიან, გაანეიტრალონ რაკეტები. ამიტომაც, მიიღეს კუნძულის დატოვების გადაწყვეტილება რუსებმა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებმა კუნძული დაიკავეს: მათ იქ დროშა მხოლოდ ვეტრმფრენით ჩააგდეს და სინამდვილეში, გარნიზონი არ გადაუსხამთ, რადგან მოშიშვლებულ კუნძულზე ეს მათი გაწირვის ტოლფასი იქნებოდა.

არცერთ მხარეს საზეიმოდ არა აქვს საქმე, რადგან ორივე მხარე გადასულია ომის „ამოწურვით“ ეტაპზე, როცა გამარჯვება დამოკიდებულია არა იმაზე, ვინ უფრო მეტ ტერიტორიაზე დაამყარებს კონტროლს, არამედ იმაზე, რამდენად სწრაფად ივსება ან ნელა იწურება ერთი მხარის საბრძოლო რესურსი მოწინააღმდეგესთან შედარებით, ამ მხრივ კი ვერცერთი მხარე ვერ დაიტრაბახებს.

რაც შეეხება ლისიჩანსკს, ის რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დაიპყრეს 2 ივლისს. ამის შედეგი ისაა, რომ ახლა რუსეთი მთლიანად აკონტროლებს სევეროდონეცკი-ლისიჩანსკი-რუბეჟნოეს აგლომერაციას და მთლიანად, ლუგანსკის ოლქს. ახლა ფრონტის ხაზი ლისიჩანსკიდან დასავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს გადის.

რუსეთს ჰქონდა შანსი, უკრაინული შენაერთები ლისიჩანსკში, ალყაში მოექცია – ასეთ შემთხვევაში ქალაქის დამცველთა გარნიზონი მარიუპოლის დამცველთა ბედს გაიზიარებდა – ალყაში აღმოჩნდებოდა, სრულიად მოწყვეტილი ძირითად რესურსს.

რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ სწორედ ეს მოხდა და მათ შეძლეს რკალის შეკვრა ლისიჩანსკის ირგვლივ, მაგრამ ასე არ არის: ალყაში მოქცევის უტყუარი მაჩვენებელი იქნებოდა ასეულობით ტყვე, მიტოვებული საბრძოლო ტექნიკა და არაორგანიზებულად დაფანტული უკრაინული შენაერთები, რაც არსად ჩანს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინულმა შენაერთებმა ორგანიზებული უკანდახევა მოახერხეს იმის მიუხედავად, რომ უკან დასახევ გზაზე ხიდები, ძირითადად, აფეთქებული და დანგრეული იყო: იმის გამო, რომ რუსულმა შენაერთებმა რკალის შესაკვრელად ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნამდე დარჩენილი 8 კილომეტრის გავლას 8 დღეზე მეტი მოანდომეს, უკრაინელები ნავებით და ნაპირების შემოვლით გამოვიდნენ ლისიჩანსკიდან.

ლისიჩანსკის გარნიზონის ნაწილის ევაკუაცია ჯერ კიდევ 24 ივნისს დაიწყო და როცა ძირითადი ნაწილი გავიდა, რუსულ შენაერთებს გასავლელი 8 კმ-ის ნახევარი თუ ჰქონდათ გავლილი, რამაც უკრაინელების გამოსვლა გაადვილა.

თუმცა, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება, ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინული შენაერთები დარჩენილიყვნენ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში, სტრატეგიული შეცდომა იყო, თანაც, ლისიჩანსკის დაცვის მცდელობა უკრაინას უფრო ძვირად დაუჯდა, ვიდრე რუსეთს – ლისიჩანსკის აღება.

ლისიჩანსკიდან გაყვანილი შენაერთები ამ ეტაპზე თავდაცვით ხაზზე არიან სევერსკისა და ბახმუტის აღმოსავლეთ გორაკებზე. თავად ეს ორი ქალაქი დაბლობზე მდებარეობს და თავდაცვითი ხაზისთვის მოხერხებული არ არის.

ეს ორი გამარჯვება რუსული და უკრაინული მხარეების მიერ (ლისიჩანსკის აღება და ზმეინნიდან რუსული გარნიზონის გაყვანა) საკმაოდ სერიოზული გამარჯვებაა ორივე მხარისთვის, მაგრამ ომის „ამოწურვით“ ეტაპზე, რაც სახეზეა ბოლო თვეების განმავლობაში, ისინი ვერ მოახდენენ გავლენას ომის შედეგზე:

სადაც არ უნდა დაიწყოს შეტევა რუსეთმა: სევერსკზე თუ ბახმუტზე, სლავიანსკსა თუ დონეცკის განაპირა მხარეებზე, მას ისევ მოუწევს შეტევა მიიტანოს უკრაინის შენაერთების კარგად გამაგრებულ პოზიციებზე, ეს კი სწრაფი წინსვლის შანსს არ ტოვებს. ნელი წინსვლა და პოზიციური ბრძოლები კი უკრაინას უფრო ძალევს ხელს, ვიდრე რუსეთს, რადგან დასავლური შეიარაღების ჩაბმამ პროცესში, რასაც უკრაინა ელოდება, შეიძლება არათუ შეაჩეროს რუსული არმიის წინსვლა, არამედ საერთოდაც, უკან დაახევინოს მათ.

რაც შეეხება კუნძულ ზმეინნის, უკრაინის არმია ვერ რისკავს იქ ფიზიკურად გარნიზონის გადასხმას და ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას. სწორადაც იქცევა, რადგან ასეთ შემთხვევაში უკრაინა ვერ დაიცავს კუნძულს რუსეთის ავიაციის შეტევებისგან – მასობრივი იერიშის შემთხვევაში, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, თუნდაც ისინი ზმეინნის ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობით განათავსონ, ვერ მოასწრებენ ყველა რაკეტისა და ჭურვის განეიტრალებას, ამიტომაც, ზმეინნიზე უკრაინული გარნიზონის გადასხმა და იქ „ჰარპუნების“ ან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ამ ეტაპზე განთავსება რესურსების ფუჭად გახარჯვა იქნებოდა.

ამავე დროს, ზმეინნიდან რუსული გარნიზონის გასვლა ვერ მოხსნის უკრაინული პორტების ბლოკადას, რადგან რუსეთს რჩება რესურსი, საჭიროების შემთხვევაში, ავიაციით, სანაპირო დაცვის რაკეტებით და წყალქვეშა ნავებით შეუტიოს სამოქალაქო ხომალდებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან, აქედან გამომდინარე, მსგავსი ხომალდების მფლობელი კერძო პირები მცურავი საშუალების დაკარგვის რისკზე არ წავლენ.

და მაინც, რა მოხდება საბოლოოდ? ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი მხარე მოახერხებს უფრო ადრე, საკუთარი რესურსი გაზარდოს, მტრის კი – შეამციროს.

რა მოცემულობაა ახლა კიევისა და მოსკოვისთვის, რაც ცნობილია ჩვენთვის, ვინც აკვირდება ამ ომის მსვლელობას?

მოლოდინის მიუხედავად, კრემლმა მაინც არ გამოაცხადა ღიად მობილიზაცია, რაც არმიაში სათანადო ადამიანური რესურსის მობილიზებას ართულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ვერც ახლო მომავალში მოახერხებს უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევას. თუ უკრაინა წარმატებით გააგრძელებს მობილიზაციას, რუსეთი კი მას ისევ არ გამოაცხადებს, ადრე თუ გვიან, უკრაინის არმიის რიცხობრივი უპირატესობა გამოიკვეთება, ეს კი ომში გამარჯვების სასწორს კიევისკენ გადახრის.

ამ დროისთვის არსებული რიცხობრივი უპირატესობის დემონსტრირებასა და სათანადოდ გამოყენებაში უკრაინას ხელს უშლის მძიმე შეიარაღების არასაკმარისი ქონა, პირველ რიგში, იგულისხმება არტილერია. დასავლეთისგან ჰაუბიცებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება, დღეს და ახლა, არაა საკმარისი მთელი ფრონტის გადასაიარაღებლად, მაგრამ თუ უკრაინა მოახერხებს არსებული რესურსი განათავსოს ფრონტის ერთერთ მიმართულებაზე, მაგალითად, ხერსონისკენ, მას შეეძლება წარმატებული კონრშეტევის დაწყება. სხვათა შორის, უკრაინის არმიის ხელმძღვანელობას ამ დრომდე არ უჩვენებია, რომ მსგავსი განაწილება, დაგეგმვა და კონტრშეტევის დაწყება წარმატებით შეუძლია.

მოკლედ, დღეს გვაქვს სურათი, როცა აქტიური შეტევითი ოპერაციების ნაცვლად, ბოლო პერიოდში ორივე მხარე, არტილერიის გამოყენებით ცდილობს, დაასუსტოს და ამოწუროს მეორე მხარის რესურსი:

რუსეთი ბოლო დღეებში ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებით ურტყამს უკრაინის ქალაქებს, არმიის შტაბებსა და სამხედრო ბაზებს. იგივეს აკეთებს უკრაინაც, მათ შორის, ფრონტის ხაზიდან დაშორებულ ტერიტორიებზეც, რის შედეგადაც, ბოლო დღეების განმავლობაში ათამდე საბრძოლო მასალების საწყობი და რამდენიმე ბაზაა განადგურებული, მათ შორის, დონეცკშიც. მაგრამ ისიც უნდა აღნიშნოს,  რომ უკრაინის მხრიდან ასეთმა დარტყმებმა რუსეთს ლისიჩანკის აღებაში ხელი ვერ შეუშალა.

საბოლოო ჯამში, ომის ბედს მაინც შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო საშუალებები გადაწყვეტს, რომელსაც უკრაინა უახლოეს პერიოდში დამატებით მიიღებს და ცხელ წერტილებში განათავსებს.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული