fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

“ამოღებულია გრიფით “საიდუმლო” მასალები” – პროკურატურა გოგაშვილის საქმეზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებისა და ბრალის წარდგენის საქმეზე და წერს, რომ მისი სახლიდან ამოღებულია სახელმწიფო საიდუმლოს მიკუთვნებული, ასევე, პერსონალური და პირადი ინფორმაცია, რომელთაც გოგაშვილი სახლში, უკანონოდ ინახავდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე. იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ,  რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი  გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.

ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და  საბრძოლო  მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და  საბრძოლო  მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
 
აქვე აღვნიშნავთ, რომ იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული