უკრაინაში სასწავლო წელი 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით სრულდება. ამ დროს არაერთი მოსწავლე გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე და ამას სკოლის ბოლო ზარითა და ბანკეტით აღნიშნავს.
თუმცა, 2022 წელს უკრაინელ ბავშვებს ეს არ დასცალდათ. რუსულმა აგრესიამ მათ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, სკოლის დამთავრებით გამოწვეული სიხარულის აღნიშვნის უფლებაც წაართვა.
ხარკოველმა გოგონამ მისი ფოტოთი ყველას დაანახა როგორ გამოიყურება უკრაინული ბოლო ზარი 2022 წელს.
“ვარ 16 წლის… ხარკოვის 134-ე სკოლაში ვსწავლობდი… სკოლიდან ბევრი მეგობარი მყავს, ერთი დიდი ოჯახივით ვართ. გოგოები ერთად ვარჩევდით კაბებს, წინასწარ გვიხაროდა რომ ბანკეტისთვის ლამაზად გამოვეწყობოდით. თუმცა, ,,რუსული სამყარო” ჩვენთან მოვიდა და სკოლის შენობასთან ერთად გაგვინადგურა ყველა ის გეგმა, რომელთა შესრულებასაც მოუთმენლად ველოდით.” – თქვა მან.
ვალერიას ფოტო სოციალურ ქსელში მისმა დეიდამ, ანა ეპიშევამ გამოაქვეყნა.
«ჩემს დისშვილს წელს უნდა დაემთავრებინა სკოლა. მან და მისმა მეგობრებმა დაგეგმეს გამოსაშვები საღამო, იყიდეს კაბები და მოუთმენლად ელოდნენ დიდ დღეს… შემდეგ კი რუსები მოვიდნენ. მისი სკოლა 2022 წლის 27 თებერვალს მთლიანად გაანადგურეს. დღეს ვალერია სკოლაში დაბრუნდა, უფრო სწორად, იმ ნანგრევებში, რაც სკოლიდან დარჩა. ჩემო ძვირფასო ვალერია, ვამაყობ რომ ასეთი ძლიერი და მამაცი ხარ. ძალიან მიყვარხარ.” – დაწერა მან.
წყარო: “აპოსტროფი”



