fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი აფეთქებულია, “აზოტს” კი 600-მდე მოქალაქე აფარებს თავს

სევეროდონეცკში არსებული რთული მდგომარეობის შესახებ უკრაინის არმიის გენშტაბი იტყობინება, ინფორმაციას ავრცელებს ასევე ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.

გენშტაბის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს სევეროდონეცკის ცენტრიდან უკრაინეული ძალების განდევნა, ისინი მასობრივად უტევენ ქარხანა “აზოტს”, სადაც თავს აფარებს 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.

ამასთან, სერგეი გაიდაის ცნობით, ქალაქთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი აფეთქებული და დანგრეულია, მაგრამ ჯერჯერობით, კომუნიკაცია არის და ქალაქი არაა სრულად ბლოკირებული.

“ქალაქიდან ევაკუაცია უკვე შეუძლებელია, იქ დარჩენილ ადგილობრივებს უკიდურესად რთულ პირობებში მოუწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა”, – დაამატა გაიდაიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ალექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, სევეროდონეცკში უმძიმესი ბრძოლებია- მიმდინარეობს ქუჩებში შეტაკებები. ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი უკვე დაიკავეს, თუმცა დასახლებული პუნქტის 30 % -ზე მეტს ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ.

სამხედროებზე დაყრდნობით, უკრაინელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ რუსები მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკით იბრძვიან- ცოცხალ ძალაში კოლოსალური დანაკარგების მიუხედავად, მაინც უტევენ უკრაინული არმიის პოზიციებს და ცდილობენ დასახლებული პუნქტის სრულად გაკონტროლებას.

ცნობილია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის დამაკავშირებელი მესამე ხიდის აფეთქების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ვეღარ მოახერხებენ უკან გამოსვლას, რადგან სწორედ ეს ხიდი იყო დამაკავშირებელი ხაზი ქალაქ ლისინჩანსკთან.

მოტუზიანიკი აგრეთვე აცხადებს, რომ რუსებს წინსვლა აქვთ ხარკოვის ოლქშიც- მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპიროზე, ხარკოვიდან აღმოსავლეთით-30-კმ-ში, ისინი სტარი სალტოვის მიდამოებში გამაგრდნენ. ამ ზონიდან რამდენიმე კვირის წინ რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს, თუმცა როგორც ჩანს, ისევ მოახერხეს დაკარგულ პოზიციებზე კონტროლის აღდგენა.

წუხელ, ღამის განმავლობაში, დაიბომბა ხარკოვის ოლქი, დაჭრილებს შორის ბავშვიცაა. რაც შეეხება ოდესაში ღამით გამოცხადებულ საჰაერო განგაშს, ოფიციალური ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ორი რაკეტა “Оникс-ით, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

რუსეთთან მოლაპარაკების განახლების საკითხს შეეხო ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის განსაახლებლად იმ პირობით, რომ კრემლი ომს დაასრულებს.

“ჩვენ არ გვაქვს დასახარჯი დრო ისეთი შეხვედრებისთვის და მოლაპარაკებისთვის, რომლებსაც არაფერი მოაქვთ”, – განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული