fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

სევეროდონეცკს უტევენ, აშშ-ში უკრაინისთვის ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ – ომის 98-ე დღე

ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას, რასაც ვერ ახერხებენ, ქალაქში მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები, სევეროდონეცკის დიდ ნაწილს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.

ამავე დროს, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უკრაინელი მებრძოლების ალყაში მოქცევის საფრთხე სევეროდონეცკის მიმართულებაზე არ არსებობს:

“ჩვენი მეომრები მშვიდად იცავენ თავს იმ პოზიციებზე, სადაც არიან გამაგრებული. ქალაქში ქუჩის ბრძოლები გრძელდება, მაგრამ იმის საფრთხე, რომ სადმე შესაძლოა, უკრაინელი მებრძოლები ალყაში აღმოჩნდნენ, არ არსებობს”, – აცხადებს სერგეი გაიდაი.

ამავე დროს, უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები სევერსკსა და რაიგოროდსკს უტევენ და მაქსიმალურ კონცენტრირებას ახდენენ, რათა ამ მიმართულებებზე კონტროლი დაამყარონ.

“უკრაინა 24”, სპეცსამსახურებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რათა ლუგანსკის ოლქი მთლიანად დაიპყრონ 1 ივნისამდე, ხოლო დონბასის სრული ტერიტორია – 1 ივლისამდე. აქვე შეგახსენებთ, რომ სევეროდონეცკი ერთადერთი დასახლებული პუნქტია ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომელზე კონტროლიც ჯერ არ დაუკარგავს უკრაინას. სწორედ ამით აიხსნება ის გამწარებული მცდელობები, რასაც რუსეთი ამ ქალაქის დასაპყრობად მიმართავს.

უკრაინელები მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდნმენ შეტევებს ხერსონის მიმართულებით. შეტევები დილიდან განახლდა. ამ მიმართულებაზე უკრაინის არმია დასახლება ნოვა კახოვკას უტევს და თუ მისი გათავისუფლება მოახერხა, შესაძლებელია, რუსული საჯარისო ფორმირებები კრივოი როგის მიმართულებაზე, ალყაშიც კი აღმოჩნდნენ.

ცალკეული მედიასაშუალებების ცნობით, რუს ჯარისკაცებში მკვეთრად ქვეითდება საბრძოლო სულისკვეთება. ბევრი უარს ამბობს უკრაინაში საომრად წასვლაზე, ხოლო მათ შორის, ვინც უკვე უკრაინაშია, ხშირია თვითდაზიანების შემთხვევები. კონკრეტულად, საუბარია ფეხში სროლაზე, რასაც პოზიციებზე მყოფი და ცრუ შეტევაზე გადასული მეომრები იყენებენ. ეს ურთიერთშეთანხმებით ხდება, როცა მუხლსქვემოთ, კოჭისა და ტერფის მიდამოში, ერთი მებრძოლი მეორეს მიზანმიმართულ ჭრილობას აყენებს და შემდეგ ეს საღდება, როგორც საბრძოლო ჭრილობა. ერთერთი ვერსიით, ასეთი “ჭრილობა” დაახლოებით 300 ლარის ექვივალენტი რუსული რუბლი ჯდება.

უკრაინა აშშ-სგან ახალი დახმარების პაკეტს ელოდება. გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა დასავლელი პარტნიორისგან მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსაც, რომელთა რაკეტების სიშორე 40 მილია (დაახლ. 70 კმ). თეთრი სახლი აკონკრეტებს, რომ უკრაინას მხოლოდ იმ სახის შეიარაღებას მიაწვდის, რაც მას თავდაცვისთვის და არა რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისთვის სჭირდება.

დღეს უკრაინის სპორტული და არამარტო სპორტული სამყაროსთვისაც დიდი დღეა – გლაზგოში შოტლანდიისა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან და ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთი საგზურისთვის ითამაშებენ. გუშინდელ პრესკონფერენციაზე უკრაინის ნაკრების ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა – ზინჩენკომ (“მანჩესტერ სიტი”), პირობა დადო, რომ უკრაინელებს საფგეხბურთო ზეიმს აჩუქებენ, თანაც, ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ომზე ლაპარაკობდა.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული