fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

მარიუპოლელი კაცის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც ერთ დღეს დაკარგა ცოლი, დედა და… ცალი თვალი

მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის ოსტატმა ალექსანდრ ლუკაშოვმა, დაბომბვის დროს თვალი დაკარგა, სახეზე კი დიდი შრამი დარჩა.

მან ცოლი ნანგრევებიდან, უკვე გარდაცვლილი გამოათრია.

დაჭრილი ალექსანდრე მარიუპოლიდან ცხედრებით მოფენილი გზით გავიდა.  

დიდხანს ვერ დაივიწყა დაღუპული ცოლის თვალები.

ალექსანდრე 24 თებერვალს სამსახურშიც კი გამოცხადდა. მისი თქმით, მარიუპოლელებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა შეიძლებოდა მათთვის მოეტანა პუტინის თავდასხმას.

მაგრამ უკვე 27-28 თებერვალს რუსებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. მათ შორის, იმ კერძო სექტორისაც, სადაც ალექსანდრე ცოლთან, ოლგასთან ერთად ცხოვრობდა.

როცა ჭურვების ცვენა გახშირდა, ცოლ-ქმარმა მხოლოდ პირადი საბუთები წაიღო და გადაწყვიტა, ალექსანდრეს დედის ბინაში დროებით გადასულიყო.

„2 მარტს მაღაზიები დავიარეთ, ჯერაც ყველაფერი მუშაობდა, ოღონდ არც პოლიცია, არც უკრაინელი სამხედროები, არსად არ ჩანდნენ“, – იხსენებს ალექსანდრე.

შემდეგი დღე – 3 მარტი, მას სამუდამოდ დაამახსოვრდა:

დილით მისმა ცოლმა გაიღვიძა, ფანჯარაში გაიხედა და თქვა:

„ნახე: ტანკები მოდიან და დააკვირდი, მათზე რა ახატია!“. ქმარი ფრანჯარასთან მივიდა და რამდენიმე ტანკი, ასევე, ჯავშანტრანსპორტიორი დაინახა, თეთრი საღებავით დატანილი Z სიმბოლოთი.

მან ცოლს ურჩია, ფანჯარას მოშორებოდა, თვითონ ოთახში იჯდა, ცოლი სამზარეულოში გავიდა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს და დედა გასაღებად გავიდა. კაცმა გაიგონა, რომ ის დერეფანში ვიღაცას ელაპარაკებოდა.

„უცებ, ტანკის დიზელის ძრავის ხმა გავიგონე, შემდეგ ტანკის კოშკურის შემობრუნების ხმა, მექანიზმი მუშაობდა. მივხვდი, რომ ის გაჩერდა და ჩვენი სახლისკენ შემობრუნდა“, – ამბობს ალექსანდრე.

გასროლის ხმა არ გაუგონია, მაგრამ დარტყმა იგრძნო. ნამსხვრევებისგან და მინის ნატეხებისგან ალექსანდრემ ჭრილობები სახეში მიიღო. ნატეხები პირდაპირ თვალში ჩაერჭო.

ის მიხვდა, რომ ჭურვი სამზარეულოს მოხვდა: ოთახსა და სამზარეულოს შორის კედელი აღარ იყო. აღარ იყო კედელი ბინასა და დერეფანს შორისაც.

„ჩემი პირველი აზრის გაელვება იყო: „ოლგა სად არის?“ ის სამზარეულოში, ნანგრევებქვეშ იწვა, მხოლოდ თავი მოუჩანდა“, – იხსენებს ალექსანდრე.

კაცმა ნანგრევების შემოცლა დაიწყო, ცდილობდა, ცოლი გამოეთრია, მას კი სახეზე სისხლი გადასდიოდა.

„მე ვყვიროდი: „ოლია, მომეხმარე, ამოძრავე ხელები და ფეხები!“ ბოლოს და ბოლოს, გამოვათრიე, იატაკზე დავაწვინე და პირაღმა გადმოვაბრუნე: ის უსიცოცხლო მზერით მიყურებდა, უკვე გარდაცვლილი იყო. ეს მზერა დიდხანს მელანდებოდა. როცა მის გამოთრევას ვცდილობდი, ის უკვე მკვდარი იყო… პულსი შევუმოწმე და დავინახე, ფეხები როგორ ულურჯდებოდა“, – ასე აღწერს ალექსანდრე მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელ წუთებს.

ალექსანდრე და მისი ცოლი, ოლგა

შემდეგ მან ცოლის უსიცოცხლო სხეული ფანჯარასთან მიათრია. მის ყვირილზე ორმა კაცმა მოირბინა, რომლებსაც ქურთუკზე ეწრათ: „კატასტროფის ბრიგადა“. ალექსანდრე სახლიდან გაათრიეს მანამდე, სანამ გონებას დაკარგავდა.

ალექსანდრე გრძნობაზე უკვე საავადმყოფოში მოვიდა. მხოლოდ საოპერაციო მაგიდა და ის ახსოვს, რომ ჭრილობებს ბავშვთა ექიმი უკერავდა – სხვა ექიმები ქალაქში აღარ იყვნენ. როცა ძალა მოკრიბა, დედამისი მოიკითხა. „აღარ არის დედაშენი“, – უპასუხეს.

და კაცი მიხვდა, რომ უკვე ოჯახი აღარ ჰყავს…

ქალაქში სიტუაცია გაუარესდა, დაბომბვა გახშირდა, საავადმყოფოში სულ უფრო მეტი და მეტი დაჭრილი მოჰყავდათ.

„რუსებმა ადამიანები დახოცეს, ვინც უბრალოდ, წყალზე გავიდნენ, რათა მარაგი ჰქონოდათ… 27 ადამიანი იყო, ქალები და ბავშვები, ძირითადად. ფაშისტების ტექნიკა მოვიდა და პირდაპირ დაცხრილა ისინი. 5-6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაჭრილები გაზ-ელით ვიღაცამ მოიყვანა“, – იხსენებს ალექსანდრე.

მას 19 წლის გოგონა, იულია დაამახსოვრდა, რადგან თვითონ ეხმარებოდა ექთნებს, როცა საოპერაციოდან გამოიყვანეს და დააწვინეს. ექთანი ოპერაციიდან გამოყვანილებს გამაყუჩებლებს უკეთებდა, მათ შორის იულიასაც.

„ვაკვირდები იულიას და არ ინძრევა საერთოდ. სხვა დაჭრილები მოძრაობენ, კვნესიან, ეს კი ჩუმადაა. მივიდნენ მასთან და – მკვდარია. თურმე, უკვე მკვდარს უკეთებდნენ ნემსს – ბევრი ადამიანი იყო, ძნელად თუ გაარჩევდი, ვინ იყო მკვდარი და ვინ – ცოცხალი“, -იხსენებს ალექსანდრე.

საავადმყოფოში ყოველდღე, ჭრილობების გამო, 5-6 ადამიანი კვდებოდა. მათ ცხედრებს ტომრებში ათავსებდნენ, ხოლო როცა ტომრები დამთავრდა, ხელებსა და ფეხებში ჩაავლებდნენ ხელს ცხედარს, პლედებზე დააწვენდნენ და ან სარდაფში მიჰქონდათ, ან ქუჩაში გაჰქონდათ. „მთელი ეზო ცხედრებით იყო სავსე“, – ამბობს ალექსანდრე.

4 მარტს მარიუპოლში ყინვები დაიწყო. ფანჯრებჩამტვრეულ და მინებჩამსხვრეულ საავადმყოფოში ძალიან ციოდა. ამასთან, არც დაბომბვა წყდებოდა.

ალექსანდრე საავადმყოფოდან მხოლოდ 21 მარტს გამოვიდა. მან და კიდევ ერთმა ოჯახმა – ცოლ-ქმარმა ორი დაჭრილი ბავშვით, გადაწყვიტეს, გადასულიყვნენ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დადიოდა ხმები, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილიდან შესაძლებელი იყო ბერდიანსკში, იქედან კი ზაპოროჟიეში გადასვლა.

ისინი ქალაქიდან გასვლას მთელ კვირას მოუნდნენ – დაბომბვების დროს სარდაფებში იმალებოდნენ. ჭამდნენ, რასაც ადგილობრივები უწილადებდნენ: ზოგმა პური მისცა, ზოგმა წყალი, ზოგმა კი სულაც ქილით პომიდორი.

„აზოველები“ ამბობენ, რომ მარიუპოლში 20.000-მდე ადამიანი დაიღუპა. მე მგონია, რომ უფრო მეტია დაღუპული. ჩვენ ცხედრებზე გადავდიოდით, ისინი ყველგან ეყარნენ, აბსოლუტურად ყველგან!“, – იხსენებს ალექსანდრე.

მოკლულებს თავდაპირველად ეზოებში არ კრძლავდნენ, ქუჩაში გაჰქონდათ ცხედრები და იქ ტოვებდნენ.

ერთხელაც, მათ უნდოდათ ერთერთი სახლის სარდაფში დამალვა, მაგრამ სახლიდან მოხუცი ქალი გამოვიდა და უთხრა: „არ ჩახვიდეთ მანდ, იქ 16 ადამიანი იჯდა, როცა პირდაპირ ჭურვი მოხვდა სარდაფს და აფეთქდა. მათი ცხედრები ახლაც იქაა“.

ბოლოს და ბოლოს, ალექსანდრე და ოჯახი ბავშვებითურთ, 27 მარტს ადგილობრივ ეკლესიამდე მივიდნენ. იქ უზარმაზარი სარდაფი იყო და 200-მდე ადამიანი იმალებოდა.

ამ დროისთვის ქალაქში, ალექსანდრეს თქმით, „შეშინებული რუსები და ჩეჩნები დარბოდნენ“.

ოკუპანტები ეკლესიაში შემოვიდნენ და თქვეს: არცერთი თქვენგანი უკრაინაში არ წავა, მხოლოდ იქ წახვალთ, სადაც ჩვენ გეტყვით…

ასე აღმოჩნდა დონეცკში, გაიარა ფილტრაცია და იქედან გამოსვლის მეთოდიც იპოვა.

თავდაპირველად ხალხი სოფელ პოკროვსკოეში გადაიყვანეს, იქედან კი – დონეცკში. ალექსანდრე ამბობდა, რომ მას უკრაინაში უნდოდა მოხვედრა, მაგრამ ყურს არავინ უგდებდა.

დონეცკში ის საავადმყოფოში გაამწესეს. იხსენებს, რომ დაჭრილ „დნრ“-ელებთან იწვა პალატაში.

თავდაპირველად კაცი ცდილობდა, თავისი პოზიცია დაეცვა, ამბობდა, რომ უკრაინაში სურდა წასვლა და ჰყვებოდა, ვინ და როგორ მოკლა მისი ოჯახის წევრები, მაგრამ მერე უთხრეს:

„ენა ჩაიგდე და ბევრს ნუ ლაპარაკობ, თორემ ხვალ გაგიყვანენ, სადმე სარდაფში დაგხვრიტავენ და კაციშვილი არ მოგიკითხავს“.

სხვათა შორის, „დნრ“-ელები დონეცკის ჩვეულებრივი მცხოვრებლები აღმოჩნდნენ, რომლებიც მაღაზიაში ან ტრამვაიში დაიჭირეს, მობილიზებაში მოაყოლეს  და ფრონტზე გაუშვეს. ისინი ჰყვებოდნენ, რომ ეს ომი და მასში მონაწილეობა არ სურდათ.

ალექსანდრესაც უპირებდნენ მობილიზებას, იმის მიუხედავად, რომ თვალი არ ჰქონდა. ეუბნებოდნენ, რომ ჭურვებს დატვირთავდა ან მანქანებს გაარემონტებდა. მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ იმ მომენტისთვის ფილტრაცია არ იყო დასრულებული – ყოველდღე ამოწმებდნენ სანდოობაზე.

„მოდიოდნენ რაიონული განყოფილებიდან, ФСБ-დან, მაიძულებდნენ, გამეხადა, ტატუებს ეძებდნენ. მეკითხებოდნენ ვინ ვარ, ვარ თუ არა სამხედრო. ეს მთელი თვე გრძელდებოდა“, – ჰყვება მარიუპოლელი.

დონეცკში ყოფნისას კაცმა მოახერხა, საბერძნეთში მცხოვრებ თავის ქალიშვილთან გასულიყო ხაზზე და მას აუხსნა, რომ ამ „გესტაპო ქვეყანაში“ ცხოვრება აღარ სურდა.

შვილმა იპოვა მძღოლი, რომელსაც შეეძლო დონეცკიდან რუსეთის გავლით მისი გადაყვანა ლატვიაში, იქედან კი ათენში.

მაგრამ იმისთვის, რომ დონეცკიდან გასულიყო, ფილტრაციის დამამცირებელი პროცესი უნდა გაევლო, ამის გარეშე ქალაქიდან არცერთი მძღოლი არ წაიყვანდა.

ალექსანდრემ გაარკვია, რომ ფილტრაციის ბანაკში რიგი ორ თვეზე იყო გაწერილი. მაშინ მან გადაწყვიტა, ადგილობრივ МЧС-ნიკს დალაპარაკებოდა, რომელმაც თავისი მომსახურება 3,5 ათას რუბლად შეაფასა. ასე დაუშვეს ალექსანდრე ურიგოდ, ფილტრაციის გასაუბრებაზე.

თავდაპირველად თითის ანაბეჭდები აუღეს, ტელეფონი შეამოწმეს, გადაუღეს ანფასისა და პროფილის ფოტო. შეეკითხნენ, სად მუშაობდა, ვის იცნობდა ქალაქში. შემდეგ ქალები ცალკე ოთახში გაჰყავდათ, კაცები – ცალკე. აიძულებდნენ გახდას, რათა ენახათ, ჰქონდათ თუ არა ტატუირებული სხეული.

„ისინი ფიქრობენ, რომ ყველა უკრაინელ მეომარს ტატუ აქვს, ფაშისტური სვასტიკით. მე გამიმართლა, არცერთი ტატუ არ მაქვს“, – ამბობს ალექსანდრე.

ამ პროცედურების გავლის შემდეგ კაცს ტალონი მისცეს, რითაც ის ავტობუსში ჩაჯდა. მაგრამ სიურპრიზები ამით არ დასრულებულა. ე.წ. „დნრ-ისა და რუსეთის საზღვარზე მას იმის დამტკიცება მოსთხოვეს, რომ მართლაც მეტალურგიულ კომბინატი მუშაობდა. ალექსანდრე გადარჩა, რადგან ქარხნის საშვი აღმოაჩნდა თან.

„ისევ ტელეფონის შემოწმება, ისევ გახდა და დათვალიერება. მაგრამ მე იმან გამაკვირვა, რომ მათ ყველაფერი იცოდნენ ჩემი სამსახურის შესახებ. ყველა ადამიანზე ჰქონდათ ინფორმაცია. როგორც ჩანს, მათ ბაზა მიაწოდა ვიღაცამ”.

რუსეთის გავლით სამი დღე მიდიოდნენ.

„ის რუსეთი უნდა ნახოთ, საშინელებაა. ქვეყნის მდგომარეობა მისი დასახლებებისა და გზების მდგომარეობით განისაზღვრება. ყველგან ნანგრევები და ნაგავია. რა დამოკიდებულებაც მქონდა რუსეთის მიმართ, იგივე დამრჩა: მხოლოდ მოკვლა და ძარცვა შეუძლიათ, შენება არასდროს შეეძლოთ და არც ახლა შეუძლიათ“, – ჰყვება ალექსანდრე.

ერთ არასასიამოვნო შემთხვევასაც იხსენებს: ფასიან ტუალეტში შევიდა, იქ კი ქალი ზის, 40 წლამდე, ეუბნება:

  • საიდან მოხვედი ასეთი ლამაზი?
  • უკრაინიდან ვარ, მარიუპოლიდან.

ის კი იღიმება და ისევ მეკითხება:

  • და რა ხდება იქ, მარიუპოლში? – და ამ დროს გადამეკეტა“, – იხსენებს ალექსანდრე დიალოგს.

ბოლო შემოწმება რუსეთისა და ლატვიის საზღვარზე იყო. როცა ალექსანდრემ რუსეთის დატოვების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღო, როგორც თვითონ ამბობს, ომის დაწყების დღიდან პირველად იგრძნო თავი ცოცხალ ადამიანად.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბნელი სარდაფიდან დღის შუქზე ამოვედი“, – იხსენებს ალექსანდრე.

ლატვიელებს ის თითქმის არ შეუმოწმებიათ: მხოლოდ პასპორტი მოსთხოვეს, შტამპი ჩაურტყეს და ჰკითხეს, მოჰქონდა თუ არა სიგარეტი.

ლატვიაში 40 ღერზე მეტი სიგარეტის შეტანა აკრძალულია. კაცმა მესაზღვრეებს უთხრა, რომ 37 ღერი ჰქონდა.

„თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა კარგად ცხოვრობთ, როგორ დროულად შეხვედით ნატოში, მე გესტაპოდან გამოვაღწიე და მზად ვარ, ძელსკამზე ვიძინო, ოღონდ იმ ფაშისტთა სახეები არ დავინახო, ვისაც გამოვექეცი“, – უთხრა მან მესაზღვრეებს.

ამის შემდეგ კაცი ავტობუსით ვარშავაში ჩავიდა. ის გაოცებული იყო იმ მოპყრობით, რასაც პოლონელები უკრაინელების მიმართ იჩენდნენ.

„იქ ყველა მიღიმოდა. დავდიოდი ქუჩებში, ხალხი მოდიოდა და მეკითხებოდა, საიდან ვიყავი, შემდეგ კი გემრიელი ყავით და შოკოლადით მიმასპინძლდებოდნენ. ერთმა წყვილმა ბურგერები მომიტანა. ჩვენს მიმართ დამოკიდებულება პოლონეთში გულისამაჩუყებელია“, – ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრე საბერძნეთში სიცილიიდან გაფრინდა. ილუმინატორიდან ზღვასა და კუნძულებს ხედავდა. სამ საათში მას ათენში ქალიშვილი დახვდა.

ალექსანდრეს ჯერ კიდევ სჭირდება მკურნალობის კურსის გაგრძელება, თუმცა, თვითონ ამბობს, რომ ფიქრობს, სად იშოვოს სამსახური…

მარინა ოსადჩა, “უკრაინსკაია პრავდა”.

უკრაინულიდან თარგმნა ლაშა ბერულავამ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული