fbpx

საინფორმაციო, შემეცნებითი, ანალიტიკური ინტერნეტ-მედია პორტალი

რა ხდება ამ დროისთვის სევეროდონეცკში და რატომ ცდილობენ ოკუპანტები ქალაქის აღებას

მასალის გამოქვეყნების დროისთვის სევეროდონეცკს – ლუგანსკის ოლქში შემავალ ამ დიდ ქალაქს, ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. მართალია, ოკუპანტთა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებმა ქალაქში შეაღწიეს, მაგრამ მის განაპირა რაიონს ვერ გასცდნენ და სევეროდონეცკის გარეუბანში, სასტუმრო “მირში” არიან დაბანაკებული. როგორც ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ამბობს, ისინი ქალაქის სიღრმისკენ გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.

უკრაინელებმა დაკარგეს ლიმანი, თუმცა, იქ ოკუპანტთა შევლის შემდეგ უკრაინელებს არ შეუწყვეტიათ ქალაქის იმ ნაწილის დაბომბვა, სადაც ოკუპანტები არიან გამაგრებული. სწორედ ამის შედეგად, რუსული შენაერთები ვერც ლიმანიდან წინსვლას ახერხებენ.

უკრაინული ავიაციის ზუსტი მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი ბახმუტი-ლისიჩანკის გზის ჩაკეტვის საფრთხე. მეტიც, ამ მიმართულებაზე რუსმა ოკუპანტებმა უპირატესობა დაკარგეს და უკანდახევაც მოუწიათ, შესაბამისად, გზა ახლა ისე ინტენსიურად არ იბომბება და უფრო გამტარუნარიანიც გახდა. ამას უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც ადასტურებენ, მაგალითად ვანო ნადირაძე წერს, რომ ოკუპანტებს მთლიანი ხაზი ვერ უჭირავთ და ბახმუტი-ლისიჩანსკის გზა ისე აღარ იბომბება, როგორც, მაგალითად, გუშინ.

ექსპერტების პროგნოზი მაინცდამაინც დიდი დამშვიდების საფუძველს არ იძლევა: გადაჯგუფების შემდეგ, სავარაუდოდ, ოკუპანტები კვლავ შეუტევენ სევეროდონეცკს და უკრაინელების “ჯიბეში” მოქცევაზეც იფიქრებენ, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაც გააგრძელებს კონტრშეტევებს, შესაძლოა, თავად აღმოჩნდნენ “ჯიბეში”…

სევეროდონეცკი ერთადერთი ქალაქია ლუგანსკის ოლქში, რომელსაც ამ დრომდე უკრაინელები აკონტროლებენ – სწორედ ამით აიხსნება ის გააფთრებული მცდელობები ქალაქის დასაკავებლად, რასაც რუსი ოკუპანტები მათგან წახალისებულ და მხარდაჭერილ სეპარარტისტებთან ერთად მიმართავენ.

მსგავსი ჩანაწერები

პოპულარული